Fly.ge_ana_marshania
0

ანა მარშანიას ევროპული ახალი წელი

მოგზაურობა ახალ შთაბეჭდილებებთან, ახალ ემოციებთან, ახალ თავგადასავლებთან ასოცირდება… და თუ ჩვენი მოგზაურობა ახალ წელს ემთხვევა, ეს შთაბეჭდილებები კიდევ უფრო მძაფრი, ბრჭყვიალა და ბრდღვიალა ხდება.

Christmas_new_year_holiday_FLY_GE

წელიწადის ამ დროს, ყველა წინასაახალწლო სამზადისშია – ვარჩევთ საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისთვის, ვფიქრობთ როგორ მოვრთოთ სახლი თუ სამუშაო გარემო, ვგეგმავთ რა ჩავიცვათ უშუალოდ სადღესასწაულო დღეებში და როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა…

 

მაგრამ ვარსებობთ ადამიანები, რომელთაც, მართალია, ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ ყოველივეს ჩემოდნების ჩალაგება და სადმე გაფრენა გვირჩევნია.

 

წინასაახალწლოდ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიმოგზაურია. მათგან ყველაზე მორთულ-მოკაზმული ავსტრიის დედაქალაქი, ვენაა. დახვეწილი, მდიდრული არქიტექტურითა და  მოცარტისა თუ ბეთჰოვენის შთამაგონებელი კლასიკური მუსიკით გამორჩეული ვენა, საახალწლოდ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ამ ისტორიისა და წარსულის მატარებელ ქალაქს შეშვენის.

 

viena_christmas_Austria

 

ვენის ოპერაში „ტრავიატას“ მოსმენის შემდეგ, საახალწლო სოფელში გასეირნება, კლიმტის „კოცნით“ გაფორმებული სუვენირების შეძენა და საყვარელ ადამიანთან ერთად ცხელი პუნშის დალევა, ავსტრიაში წინასაახალწლოდ მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის.

 

 

დაუვიწყარია წინასაახალწლო პრაღაც – მუქი ფერის, მკაცრი შესახედაობის ისტორიული შენობების მიღმა, ჩეხეთის დედაქალაქის სხვა ნაწილი ფერადი და სადღესასწაულოა. პრაღაში ერთმანეთს ცვლის წარსულის აჩრდილი – პირქუში სასახლეები და ახალი, თანამედროვე არქიტექტურით გამორჩეული შენობები. ამ სინთეზში საახალწლო ორომტრიალი კიდევ უფრო მეტად ლამაზია.

prague_christmas_europe_new_year    prague_christmas_europe_new_year    prague_christmas_europe_new_year

 

შთამბეჭდავია წინასაახალწლო ბუდაპეშტი – ჩემთვის ყველაზე თბილი და კეთილი ევროპული ქალაქი. არც ძალიან გადაპრანჭული, სადა, კეთილგანწყობილი, სევდიანი, მაგრამ მაინც მზიანი. ევროპის სხვა ქალაქების მსგავსად, წინასაახალწლოდ, უნგრეთის დედაქალაქიც მორთული და გამორჩეულია. ცხოვრება დუღს „საახალწლო სოფლებში“.

 

Budapest_christmas_new_year_europ Christmas_budapest_new_year_holiday Christmas_budapest_new_year_holiday

 

პირადად ჩემთვის, თითოეულ ქალაქში, (ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებზე, მუზეუმებზე რომ არ ვისაუბრო, რაც ისედაც ცხადია), კონკრეტულად ახალ წელთან დაკავშირებულ სანახაობებს შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი საახალწლო სოფლებში ხეტიალია. თემატური, ქვეყნის სიმბოლოებითა თუ ისტორიით დამშვენებული სუვენირები, ნაირ-ნაირი ტკბილეული, უზარმაზარ ჭურჭლებში მომზადებული, არომატული, სურნელოვანი, დაუვიწყარი გემოს მქონე გლინტვეინი, მულტიკულტურული გარემო, სადაც ყველა ბედნიერია – ეს ის შთაბეჭდილებებია, რომელიც  წარუშლელ კვალს ტოვებს მოგზაურობისას და ყოველთვის მიჩენს სურვილს, ბარგი ჩავალაგო, საყვარელ ადამიანს ხელი მოვკიდო და მსგავსი თავგადასავლები ამ და სხვა ქვეყნებში ისევ გამოვცადო.