გამარჯობა. რადგან ვენა საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა, გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.
რა ვნახოთ ვენაში?
ეს არის ქალაქი, სადაც ყველა ქუჩა ამბავს გიყვება. სადაც თითქმის ვერ ჩაივლი ვერცერთ უბანში, რომ მუზეუმი, სასახლე ან რომელიმე საზოგადო მოღვაწის სახლი არ შეგხვდეს. ქალაქს 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ვესტუმრე. პერიოდში, როცა 16:00 საათიდან ბნელდება, 17:00 საათიდან კულტურული დაწესებულებები და სხვადასხვა ობიექტი ნელ-ნელა იკეტება. თუ ქალაქს ჩემსავით დიდი გეგმებით ესტუმრებით, ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
ბელვედერის მუზეუმი – Museum Belvedere
მუზეუმის ტერიტორია სამ შენობა-ნაგებობას – Lower Belvedere, Upper Belvedere და Belvedere 21-ს მოიცავს. გუსტავ კლიმტის, ვან გოგისა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ Upper Belvedere-ში. აქვეა გამოფენილი ჟაკ-ლუი დავიდის „ნაპოლეონი ალპების გადაკვეთისას“, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. არ გამოგრჩეთ კლიმტის „კოცნა“. იმავე დარბაზში არის გამოფენილი დიდი ავსტრიელი მხატვრის სხვა ნამუშევრები.
მუზეუმში მედიის წარმომადგენლებისთვის შესვლა უფასოა. ფასდაკლება მოქმედებს სტუდენტების, არასრულწლოვნებისა და შშმ პირებისთვის. შეგიძლიათ, წარადგინოთ პრესის წარმომადგენლის ან ქართული ID ბარათი, რომელსაც „სტუდენტი“ აწერია.
რომანული და გოთიკური არქიტექტურის ამ საოცარ ნიმუშთან დიდხანს ვიდექი და ვუყურებდი მის დიდებულებას. დარწმუნებული ვარ, რამდენჯერაც უნდა ნახოთ, ყოველ ჯერზე შეიგრძნობთ ამას. ეს ტაძარი ვენის სავიზიტო ბარათია.
ტაძრის შიგნით შესვლა უფასოა. თუმცა, თუ ამბიონის ნახვაც გსურთ, ბილეთი უნდა შეიძინოთ. წმ. შტეფანეს ტაძარი 800 წლისაა. მთელი თავისი დიდებულება შენარჩუნებული აქვს. (იცოდით, რომ აქ 5 წლის ასაკში ფრანც იოზეფ ჰაიდნი მღეროდა?)
ტაძარი მდებარეობს ქუჩაზე, სადაც თავმოყრილია სავაჭრო და კვების ობიექტების ძირითადი ნაწილი. აქვე შეგიძლიათ, ეტლით გაისეირნოთ.
ეს არის ვენის ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარი ცისფერი გუმბათით. მის წინ შთამბეჭდავი საახალწლო სოფელი დაგვხვდა. პატარა აუზში, სადაც ზაფხულობით წყალია ხოლმე, ჩაყრილი იყო თივა და პატარები მშვენივრად ერთობოდნენ. უფროსებისთვის კი თოვლიან ამინდში ცხელი პუნში ნამდვილი მისწრება იყო. თუ ცოტათი მეტს გადაიხდიდი, პუნშის ჭიქას სამახსოვროდ გამოგატანდნენ.
კარლსკირხეს ტაძარში შესასვლელადაც ბილეთების შეძენა დაგჭირდებათ. აქაც მოქმედებს გარკვეული შეღავათები, რომელსაც გირჩევთ, სტანდარტული ფასის გადახდამდე გაეცნოთ.
მოცარტის სახლი – MozartHaus
ვენის ცენტრში რომელ ქუჩაზეც არ უნდა ჩაიაროთ, ყველა მხრიდან მოცარტი „გიყურებთ“. შოკოლად „მოცარტის“ მაღაზია, სუვენირები, წიგნები, ბუკლეტები, ყველგან მოცარტია. მისი სახლი ვენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. გირჩევთ, ესტუმროთ. რადგანაც ავსტრიაში ძალიან მალე ღამდება, კომპოზიტორის სახლს 5 საათზე, მაგრამ თითქმის სრულ სიბნელეში ვესტუმრე. პატარა ჩიხიდან გამოსული დაინახავთ ვენის არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სახლს, რომლის ყველა სართული დიდ კომპოზიტორს ეთმობა.
სახლის დათვალიერებამდე საშუალება გექნებათ, სალაროში სასურველ ენაზე ჩაწერილი აუდიოგიდი ითხოვოთ და ასე მოიაროთ სხვადასხვა სართული. აქ იხილავთ კომპოზიტორისა და მისი ოჯახის შემორჩენილ ნივთებს. მოისმენთ უკვდავ „ჯადოსნურ ფლეიტას“.
ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია. ბილეთებზე კი აქაც გარკვეული შეღავათები მოქმედებს.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერის შენობა ვენის ცენტრში მდებარეობს (მის. Opernrng 2). დროის სიმცირის გამო, ვერც ინტერიერის ნახვა მოვასწარი და ვერც რომელიმე საოპერო ან საბალეტო წარმოდგენაზე დასწრება. ოპერის წინ ვერდისა და სხვა დიდი კომპოზიტორების ვარსკვლავებია გახსნილი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბილეთების ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია და გირჩევთ, ეს შესაძლებლობა, ხელიდან არ გაუშვათ.
Hundertwasserhaus
ეს არის ავსტრიელი და ახალზელანდიელი არტისტის ცნობილი ნამუშევარი. მათი ფოტოები „ინსტაგრამზე“ ერთხელ ალბათ ყველას შეგვხვედრია და დიდი შთაბეჭდილებაც მოუხდენია. ფერად სახლს ამშვენებს მცენარეები, რომელიც მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
ქალაქის მერია – Rathaus
ვენის ქალაქის მერიის შენობაც გოთიკური სტილის არქიტექტურაა. მთავარი ნაძვის ხე, ყინულის მოედანი და სხვა შთამბეჭდავი საახალწლო დეკორაციები სწორედ აქ დაგვხვდა. ორკესტრმა კი სასიამოვნო განწყობა შეგვიქმნა.
გირჩევთ, ეს შთამბეჭდავი შენობაც ნახოთ.
ვენაში ალბერტინას მუზეუმის, ჰოფბურგების სასახლისა და სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების ნახვა ვერ მოვასწარი, რადგანაც ძალიან მალე ღამდება და ყველაფერი ადრე იკეტება, ამიტომ გირჩევთ, თადარიგი დაიჭიროთ.
ტრანსპორტი ვენაში
გირჩევთ, ქალაქის მხოლოდ ფეხით მოვლაზე არ იფიქროთ. გადაადგილებისთვის ტრამვაი გამოიყენეთ. ბილეთის ფასი ერთჯერადად 2,7 ევროა. შეგიძლიათ, ტრანსპორტში მონეტებით გადაიხადოთ. უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში, უდიდესი შანსია, დაგაჯარიმონ. ქალაქის ცენტრში, სადაც ვენის ოპერა, წმ. შტეფანის ტაძარი და სხვა ღირსშესანიშნაობებია, ჩვენ 1-ელ ნომერ ტრავმაის მივყვებოდით.
რა მივირთვათ ვენაში?
თავდაპირველად გეტყვით, რომ საკმაოდ ძვირადღირებულ ქალაქში მოვხვდით. აქ რესტორნებსა და კაფეებში კვება მაინცდამაინც იაფი სიამოვნება არ არის. თუმცა არის ადგილები, რომლებიც უნდა მოინახულოთ და ტრადიციული კერძებიც დააგემოვნოთ.
დაგეგმილი გვქონდა, რომ ქალაქის ულამაზეს კაფე „ცენტრალში“ შევსულიყავით, თუმცა შენობის წინ რიგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დროის სიმცირის გამო კაფეს საოცარი ინტერიერი ვერ ვნახე, ამიტომ გირჩევთ, თადარიგი დაიჭიროთ და ადგილს დილის საათებში ეწვიოთ.
სამაგიეროდ, ვესტუმრე კაფე-საკონდიტრო „აიდას“, რომელიც ასევე ქალაქის ცენტრში, ოპერისა და შტეფანის ტაძრის სიახლოვეს მდებარეობს. როგორც კი ვარდისფერი ყვავილებით მორთულ კაფეს დაინახავთ, მაშინვე მიხვდებით, რაზეც გესაუბრებით. უგემრიელესი თბილი შტრუდელი და ულამაზესი გარემო საოცარ განწყობას შეგიქმნით. მომსახურე პერსონალი ძალიან თბილი და მეგობრულია. საკონდიტრო ნაწარმის ფასი კი – ხელმისაწვდომი.
ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს ტრადიციული კერძების რესტორანი Zum Weissen Rauchfangkehrer (ჰო, ვიცი, თითქმის შეუძლებელია გამოთქვა, თუ გერმანულ ან ავსტრიულ ენას არ ფლობ). აქ დავაგემოვნეთ უგემრიელესი შნიცელი. სანამ შეკვეთას გაამზადებდნენ, დასაგემოვნებლად მოგვართვეს უგემრიელესი პური, ყველის, ბეკონისა და მარცვლეულის გემოთი.
ოპერის შენობის წინ მდებარეობს „სტარბაქსის“ დიდი შენობა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ყავა. ზამთარში გათბეთ და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება განაგრძოთ. რადგანაც ჩვენ ამ ქალაქს საშობაოდ ვესტუმრეთ, სწორედ ოპერისა და „სტარბაქსის“ მიმდებარედ დაგვხვდა დიდი წითელი ბანტის შთამბეჭდავი დეკორაცია, რომელიც ტანსაცმლის ბრენდ Popp & Kretschmer-ს ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელი, სოციალურ ქსელებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.
საკვები პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებების, და თუ ჩემსავით მსუნაგი ხართ – შოკოლადის შესაძენად, ესტუმრეთ „კაუფლანდს“ (Kaufland), სავაჭრო ქსელს, სადაც ყველაფერს იმდენად იაფად შეიძენთ, გაოცდებით.
აქვე გირჩევთ, რომ სუვენირები ცენტრის მიმდებარე ქუჩებზე გახსნილ მაღაზიებში შეიძინოთ, სადაც თითქმის განახევრებული ფასები დაგხვდებათ.
ეს არის ქალაქი, სადაც აუცილებლად დაბრუნდებით.