ზღვაში აშენებული “რიზე-ართვინის” ახალი აეროპორტი, 2021 წლის ბოლომდე გაიხსნება
+2

ზღვაში აშენებული “რიზე-ართვინის” ახალი აეროპორტი, 2021 წლის ბოლომდე გაიხსნება

თურქეთში, ორი პროვინციის – რიზესა და ართვინის გასაყარზე, ახალი აეროპორტის მშენებლობა კულმინაციურ ფაზაში შედის. აეროპორტი, ფაზარის რაიონში, ბათუმიდან 80 კმ-ის დაშორებით შენდება და მას “რიზე-ართვინის” აეროპორტი დაერქმევა.

 

გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ორივე რეგიონი მთაგორიანია, აეროპორტი მთლიანად ზღვაში, 280 ჰექტარზე აშენდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აეროპორტის ასაშენებლად 30 მეტრი ზღვა ამოავსეს, რაშიც 100 მლნ. ტონა ქვა დაიხარჯა.

 

„აეროპორტი მთლიანად ზღვაზეა აშენებული. შესაძლოა ეს ამ ტიპის პირველი აეროპორტია გარკვეული მახასიათებლების გამო. გამოვიყენეთ განსაკუთრებული საინჟინრო ტექნიკა. არ უნდა იფიქროთ, რომ ქვები უბრალოდ ჩავყარეთ. ჩვენი აეროპორტის ფსკერი მაქმანივით არის ამოქარგული,“ ქემალ ჩებერი, რიზეს გუბერნატორი.

 

რიზე-ართვინის აეროპორტს, 3,000 მეტრის სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი ექნება. აეროპორტი ყველა ტიპის თვითმფრინავის მიღებას და წელიწადში 3 მლნ. მგზავრის მომსახურებას შეძლებს, რომელიც გათვლილია როგორც რიზესა და ართვინის, ასევე სრულიად შავი ზღვის რეგიონზე.

აეროპორტის სანავიგაციო კოშკი ჩაის ჭიქის, შესასვლელი კი ჩაის ფოთლის ფორმის იქნება. აეროპორტის მთავარ შენობაშ განთავსდება ჩაის მუზეუმი.

აეროპორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. თავდაპირველად მისი გახსნა, 2020 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი, თუმცა მშენებლობის შეფერხების მიზეზად პანდემიის გამო შემცირებული მუშახელის რაოდენობა სახელდება. ბოლო ინფორმაციით, “რიზე-ართვინის” აეროპორტი, 2021 წლის ბოლომდე გაიხსნება.

 

 

Fly.Ge – იაფი ავიაბილეთები, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით!