საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება
0

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

2023 წელს საქართველოს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის.
მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.

მასპინძელი სტატუსის მინიჭებით საქართველო საერთაშორისო მედია კამპანიებში იქნება ჩართული, რაც ონლაინ, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიას მოიცავს.


ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. კოვიდ პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113,500 ბიზნეს ვიზიტორი სტუმრობდა.