მოგზაურობის მოყვარულების ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა, გამგზავრებამდე რამდენიმე ხნით ადრე ე.წ. სამოგზაურო რუკის და გეგმის შედგენაა. ისინი ეძებენ საინტერესო ადგილებს და დანიშნულებებს იმ ქალაქში, რომლებშიც მიემგზავრებიან. გეგმავენ რომელ დღეს, რომელ ადგილს ეწვიონ, რომელი ადგილობრივი კერძი და სასმელი დააგემოვნონ, სად გაერთონ, სად შეიძინონ სუვენირები და როგორ დააგროვონ საუკეთესო მოგონებები.
დაგეგმვის პროცესის გამარტივების ერთ-ერთი საშუალებაა, გაეცნო სხვა მოგზაურების შთაბეჭდილებებს და გამოცდილებას. მოგზაურები ეძებენ ინფორმაციებს თემატურ ჯგუფებში, საძიებო სისტემებში, მოგზაურ ბლოგერებთან და სხვ.
იმისთვის, რომ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვის პროცესი, Fly.ge-ზე კიდევ უფრო გამარტივდეს, ჩვენ უკვე დიდი ხანია გიზიარებთ საინტერესო რჩევებს, სხვადასხვა ქალაქების და მიმართულებების შესახებ, თუმცა დღეიდან, უშუალოდ მოგზაურები მოგიყვებიან თავიანთ თავგადასავლებს, Fly.ge-ს ახდაგეგმვის პროცესის გამარტივების ერთ-ერთი საშუალებაა, გაეცნო სხვა მოგზაურების შთაბეჭდილებებს და გამოცდილებასალ რუბრიკაში “მოგზაურთა რჩევები”.
პირველი სტუმარი, ჟურნალისტი – მარიამ მენაბდიშვილია, რომელიც პრაღაში მოგზაურობის ისტორიას გვიზიარებს:
– თუ გადაწყვეტთ, საახალწლოდ ცენტრალური ევროპის რომელიმე ქალაქს ესტუმროთ, ჩემი გამოცდილებით, პრაღა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
რა უნდა ნახო პრაღაში?
ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, თუმცა მაინც მოგიყვებით და პატარა რჩევებს მოგცემთ, რომლებიც მოგზაურობისას გამოგადგებათ:
ასტრონომიული საათი Old Town Square-ზე
ძველი ქალაქის მთავარ მოედანზე იხილავთ ასტრონომიულ საათს, რომელიც The orloj-ის სახელითაა ცნობილი. არ დაგავიწყდეთ, ახვიდეთ ამავე კოშკზე და ეს საოცარი ქალაქი სიმაღლიდანაც დაათვალიეროთ. Old Town Square-ზე მოწყობილია საშობაო სოფელი და 2019 წელს მთავარი ნაძვის ხეც სწორედ აქ დაგვხვდა. არ დაგავიწყდეთ, საშობაო სოფელში დააგემოვნოთ იქვე მოხალული უგემრიელესი თხილი თაფლისა და დარიჩინის არომატით, რომლის გემოსაც ვერასდროს დაივიწყებთ. სოფელში ანგარიშსწორება უმეტესად ნაღდი ფულით ხდებოდა.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ასტრონომიულ საათთან ან თუნდაც ნაძვის ხესთან კარგი ფოტოს გადაღება გინდათ, მოედანს დილით ადრე უნდა ესტუმროთ. ჩვენ 07:30 საათზე ადგილზე ვიყავით, მაგრამ მოედანი უკვე ტურისტებით იყო გადატვირთული.
Hotel U Prince
ეს არის სასტუმრო და რესტორანი Old Town Square-ზე, რომელიც ასტრონომიულ საათსა და საშობაო სოფელზე თავისი ულამაზესი ხედით არის ცნობილი. ხედი მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელიც უსიამოვნების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ:
რესტორანში ავედით ლიფტით, შესვლისთანავე შეგვეგება ადმინისტრატორი, რომელმაც მიგვასწავლა, როგორ მიგვეღწია ტერასამდე. ამავე ადმინისტრატორმა ტერასაზე გასვლაც კი არ გვაცალა, რომ ფოტოების გადაღება არ დაგვეწყო. ისე სასწრაფოდ გაგვაფორმებინა შეკვეთა. შედეგად დავლიეთ უსაშინელესი ყავა და ცხელი შოკოლადი, ამაზე უგემური სასმელი არასდროს გამისინჯავს. რაც მთავარია, გადავიხადეთ საკმაოდ ბევრი. ტერასის იმ ნაწილში, საიდანაც ასტრონომიულ საათზე ხედი იშლება, დგას მაგიდა, რომელსაც მიმტანთან ან ადმინისტრატორთან შეთანხმების გარეშე ნუ მიუჯდებით. არავინ გაფრთხილებთ, რომ ეს VIP მაგიდაა და აქ უბრალოდ დაჯდომისთვის და ფოტოების გადაღებისთვისაც კი უნდა გადაიხადოთ. ამის შესახებ არ იცოდა ერთმა წყვილმა და მიტანილი ანგარიშის გაპროტესტების შემდეგ მათ ძალიან უსიამოვნოდ მოექცა როგორც მიმტანი, ისე დაცვა. საშინელი მომსახურება, უგემური საჭმელი და სასმელი, თუმცა ულამაზესი ხედი.
კარლის ხიდი
ასტრონომიული საათის ნახვის შემდეგ გზა გააგრძელეთ არკისკენ, გაცდით სასტუმრო Hotel U Prince-ს და მალევე გახვალთ კარლის ხიდზე, რომელიც მდინარე ვლტავაზე მე-14 საუკუნეში კარლ IV-ის დროს აშენდა. კარლის ხიდით ჩანაცვლდა ძველი ხიდი, რომელიც წყალდიდობის შედეგად ჩამოინგრა. აღსანიშნავია, რომ შთამბეჭდავი ქანდაკებები ხიდს მხოლოდ მე-17 საუკუნეში დაემატა.
არ დაგავიწყდეთ, ხელით შეეხოთ Saint Jan Nepomuk-ის სკულპტურას და ტრადიციისამებრ სურვილიც ჩაიფიქროთ, რაც სიცივის გამო ჩვენ არ გაგვხსენებია. ხიდზეც უამრავი ტურისტი ირევა, ამიტომ კარგი ფოტოების გადასაღებად დილა იდეალური დროა.
Lesser town bridge tower
კოშკი, რომელიც კარლის ხიდის ბოლოში მდებარეობს და ასევე ულამაზეს სანახაობას გპირდებათ.
პრაღის კოშკი
ხიდიდან დაინახავთ ჩემი აზრით ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავ ღირსშესანიშნაობას – პრაღის კოშკს, რომელიც ჰრადკანის გორაკიდან (Hradčany Hill) გადმოჰყურებს ქალაქს. როგორც ადგილზე მოვისმინე, ის მსოფლიოში თანმიმდევრულად აშენებული კოშკების ყველაზე დიდი ერთობლიობაა და 70 000 კვ/მ ტერიტორიას ფარავს. ამავე ტერიტორიაზეა პრეზიდენტის რეზიდენციაც. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე St. Vitus-ის ტაძარიც მოინახულოთ.
კოშკზე ასასვლელად ასობით კიბის საფეხურის ავლა მოგიწევთ, ამიტომ ეცადეთ, კომფორტული ფეხსაცმელი ჩაიცვათ.
ციხესიმაგრის მუქმა ქიმებმა, მის წინ აღმართულმა უზარმაზარმა ნაძვის ხემ, საშობაო მუსიკამ, გლინტვაინმა და თოვლის ფიფქებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
კოშკიდან უკან დაბრუნებისას აღმოაჩენთ ერთ პატარა ადგილს ბუხრითა და გემრიელი კერძებით – The castle pub & restaurant. ადგილი გამოირჩევა არაჩვეულებრივი პერსონალით და თბილი და მყუდრო გარემოთ. შეძლებთ, დატენოთ ტელეფონი, დაისვენოთ და განიტვირთოთ. რაც მთავარია, თავზე არავინ დაგადგებათ, რომ სწრაფად შეუკვეთოთ ან მალე დატოვოთ ტერიტორია.
Jerusalem Synagogue
არ გამოგრჩეთ ულამაზესი სინაგოგა, რომელსაც 2019 წლის დეკემბერში რესტავრაცია უტარდებოდა და ვერ შევძელით მისი ინტერიერის დათვალიერება. სინაგოგას იმდენად შთამბეჭდავი არქიტექტურა აქვს და ისეთ საოცარ ფერთა გამაშია გადაწყვეტილი, რომ გირჩევთ, ესტუმროთ.
მოინახულეთ გეტოების ტერიტორია, აქ არსებული სინაგოგებიც და ძველი ებრაული სასაფლაოც. სინაგოგების კედლებზე მიწერილმა მსხვერპლთა სახელებმა და გვარებმა ჩემზე უმძიმესი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ისტორიაა და ნახვად ნამდვილად ღირს. ტერიტორიის მოსანახულებლად უნდა შეიძინოთ ბილეთი. 2019 წელს სტუდენტებზე ფასდაკლება ვრცელდებოდა, ალბათ ახლაც ასეა.
St. Nicholas Church
პრაღის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა, რომელიც ბაროკოს სტილშია აშენებული. ამ ტაძარში ორგანზე მოცარტი უკრავდა.
ფრანც კაფკას მუზეუმი
მუზეუმი ქალაქის ცენტრში, კარლის ხიდიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს (მე დაახლოებით ეს დრო დამჭირდა). კაფკას თავი კი მისგან საკმაოდ მოშორებით, შოპინგ მოლის წინ დაგხვდებათ. მას Quadrio shopping centre-ს სახელით იპოვით (Charvátova, 110 00 Nové Město.)
კაფკას მოძრავი თავი
საათში ორჯერ იღებს სახის სრულყოფილ გამოსახულებას, შემდეგ მეტალის ნაწილებად იშლება და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში ტრიალებს. ჩემი რჩევაა, ჯერ თანამედროვე ხელოვნების ამ საოცარი ნიმუშით დატკბეთ და ფოტოების გადაღებაზე შემდეგ იფიქროთ
Dancing House
პრაღის რომაულ, გოთიკურ, ბაროკოს და როკოკოს არქიტექტურას რომ კარგად შეისწავლით, წამოსვლამდე ესტუმრეთ „მოცეკვავე სახლსაც“, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის საინტერესო ნიმუშია. Tančící dům, როგორც მას ჩეხურ ენაზე მოიხსენიებენ, მდინარე ვლტავას სანაპიროზე მდებარეობს. შენობის ბოლო სართულიდან ქალაქზე კიდევ ერთი ულამაზესი ხედი იშლება, აქვეა ტერასა და ბარიც, თუმცა ჩეხეთის ზამთრის სუსხში გარე სივრცეში სადილობას ნაკლებად გირჩევთ.
სამწუხაროდ, ვერ ვნახე ქალაქის ცნობილი ბიბლიოთეკა, რომელიც ასევე სილამაზით გამოირჩევა.
სად და რა მივირთვათ?
აუცილებლად დააგემოვნეთ მსუყე დესერტი „ტრდელნიკი“, რომელიც ჩემთვის არც ისე გემრიელი იყო, გულიაში – იგივე წვნიანი პურში და ჩეხური ლუდი პილსნერი.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კვების ობიექტი პრაღაში არის Kozlovna, რომელსაც კარლის ხიდზე გადასვლამდე, მარჯვნივ, მთავარ გზაზე იპოვით. ასევე, სანამ Old Town Square-ზე გახვალთ, ესტუმრეთ სავაჭრო ცენტრ Paladium-ს, რომლის ბოლო სართულზეც ასეთი რამ დაგხვდებათ: შეკვეთილ ლუდს პატარა მატარებელი პირდაპირ თქვენს მაგიდასთან მოიტანს. რესტორნის სახელია – Vypotna.
გაითვალისწინეთ, რომ ჩეხეთის ეროვნული ვალუტა – ჩეხური კრონაა.
ალბათ, კიდევ არაერთი საინტერესო ადგილია პრაღაში, რომლის მონახულებაც ვერ მოვასწარი, თუმცა კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვესტუმრები და უკეთ დავათვალიერებ ამ საოცარ ქალაქს.