ჩვენი დღევანდელი ბლოგის მოგზაური-ავტორი, პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგი მერი დუშაშვილია. მერის პირველი მოგზაურობა ესპანეთში, სტანდარტულზე დიდხანს გაგრძელდა. ქალაქის აღმოჩენისთვის მეტი დრო რომ ძალიან ნაყოფიერად გამოიყენა, ქალაქის მთელი კულტურული, ისტორიული და თანამედროვე საგანძური აითვისა, ამაში ტექსტის წაკითხვისას თავადაც დარწმუნდებით.
დაფუძნებულია ახალბედა მოგზაურის პირად გამოცდილებაზე
მე მერი ვარ, 27 წლის და ამ 27 წლის განმავლობაში პირველად გავცდი საქართველოს საზღვრებს. პირველი და, ზუსტად ვიცი, არა ერთადერთი, დანიშნულების ადგილი ბარსელონაა – ქალაქი მუზეუმი, ქალაქი ესთეტიკა, ჰარმონია და ჯადოსნურობა.
ამ ბლოგში ჩემი თვალით დანახულ ბარსელონას და იმ ადგილების ტოპ ხუთეულს გაგიზიარებთ, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუ ამ ქალაქის სულის და ესთეტიკის შეგრძნება გსურთ.
La Sagrada Familia, ბარსელონა
ბარსელონას აღმოჩენა ანტონიო გაუდის შემოქმედების გაცნობით უნდა დაიწყოთ. ადამიანის, რომლის გარეშეც ბარსელონა არ იქნებოდა ის, რაც დღეს არის. გაუდის ხელწერა იგრძნობა ქალაქის თითოეულ კუთხეში, თუმცა ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა La Sagrada Familia-მ, ჯერ კიდევ დაუსრულებელმა კათოლიკურმა ბაზილიკამ, რომელიც ქალაქის ცენტრში დაგხვდებათ და თავისი დიდებულებით გაგაოცებთ. ბაზილიკის თითოეული სივრცე სიმბოლურია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რომ აღარაფერი ვთქვათ თითოეული დეტალის სილამაზესა და სიმბოლურობაზე. გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ და ისიამოვნოთ სიმშვიდის, ჰარმონიისა და სილამაზის შერწყმით.
მუზეუმები ბარსელონაში
ბარსელონაში ყველა გემოვნებისა და ინტერესის ადამიანი აღმოაჩენს მისთვის საინტერესო ადგილსა და გარემოს, თუმცა თუ კულტურით, ისტორიით და ხელოვნებით ხართ დაინტერესებული, გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ რამდენიმე განსაკუთრებულ მუზეუმს და იმოგზაუროთ ხელოვნების ლაბირინთებში. ყოველი თვის პირველი კვირა დღე მუზეუმებში სტუმრობა სრულიად უფასოა, რაც საშუალებას გაძლევთ სხვადასხვა პერიოდის, შემოქმედის და ხელოვნების მიმართულების მუზეუმს თავისუფლად ესტუმროთ და მეტი გაიგოთ ქვეყნის კულტურასა და ისტორიაზე.
ჩემთვის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა Museu Nacional d’Art de Catalunya – კატალუნიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი, სადაც სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრებია წარმოდგენილი და ნამდვილად იძლევა საშუალებას დატკბეთ ესპანური ხელოვნების ესთეტიკით, ჰარმონიულობით და სიდიადით, უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე.
პიკასოს თაყვანისმცემლებს ასევე გაგაოცებთ ბარსელონას გოთიკურ უბანში მდებარე პიკასოს მუზეუმი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენი აუცილებლად სანახავი ადგილების ჩამონათვალში, განსაკუთრებით თუ პიკასოს შემოქმედება გიტაცებთ.
ბარსელონა გასტროტურიზმის მოყვარულებისთვის
ბარსელონაში სტუმრობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები, ამისთვის გირჩევთ ესტუმროთ ადგილობრივ რესტორნებსა და პატარა კაფეებს, სადაც დაგხვდებათ ულამაზესი გარემო, კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალი და არაჩვეულებრივი კერძები. ადგილობრივები უდიდეს ყურადღებას აქცევენ ესთეტიკასა და ჰარმონიას როგორც გარემოში, ასევე თქვენს თეფშზე, ამიტომ გარდა სიგემრიელისა თვალსაც გაახარებთ.
ერთ-ერთი ტრადიციული კერძის – პაეიას დასაგემოვნებლად მე პირადად ბარსელონას პორტთან მდებარე ღია რესტორანი – La Gavina Restaurant ავარჩიე. აქ დაგხვდებათ უგემრიელესი ტრადიციული პაეია ზღვის პროდუქტებით და ხორცის ნაირსახობით და გემრიელად ჭამის გარდა ისიამოვნებთ ბარსელონას სანაპიროს ხედებით.
ასევე გირჩევთ ესტუმროთ პატარა კაფეებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, ისიამოვნოთ გარემოს სილამაზით, შეიგრძნოთ ქალაქის და ჩუროების სურნელი და არ შეგეშინდეთ ტკბილეულის მაღაზიებიდან მომატებული 2 კილოგრამით გამოსვლის.
ბარსელონას ოქროსფერქვიშიანი სანაპიროები
თუ ზღვა და ცხელი ქვიშა თქვენი სურვლების სიაშია, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბარსელონას ოქროსფერქვიშიანი სანაპიროები, რომლებიც საკმაოდ ხალხმრავალია, თუმცა ეს თავის მხრივ იმდენად მრავალფეროვანს ხდის გარემოს, რომ გეხმარებათ თავი იგრძნოთ ერთი მთლიანის ნაწილად.
ტურისტებში, და არა მარტო, პოპულარობით ბარსელონეტას პლაჟი სარგებლობს, თუმცა მე გირჩევდით გახვიდეთ ქალაქის ცენტრიდან და ეწვიოთ ახლომდებარე პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის ქალაქებს ბარსელონას მიმდებარედ და დატკბეთ ოქროსფერი სანაპიროს, სიმშვიდისა და ნაკლებად ხმაურიანი პლაჟების ჰარმონიით. ტრანსპორტის მოქნილი სისტემიდან გამომდინარე მაქსიმუმ 1 საათის სავალზე შეგიძლიათ მოინახულოთ სიჩე(Sitges), კოსტა-ბრავა(Costa-Brava), ტარაგონა (Tarragona), ჟირონა (Gerona) და ისიამოვნოთ მშვიდი სანაპიროებით, ქალაქების უძველესი უბნებისა და ისტორიული ადგილების დათვალიერებით. ვისთვის რა არის სიამოვნება და დასვენება, ჩემთვის ეს არის ესთეტიკა, ბუნებისა და ხელოვნების ჰარმონიული შერწყმა, რაც ბარსელონაში ხეტიალისას ყოველი ფეხის ნაბიჯზე იდეალურად შეიგრძნობა.
დანართი: თუ საზაფხულო შვებულების დაგეგმვის პროცესში ხარ www.fly.ge -ზე ავიაბილეთის შეძენა, მარტივად შეგიძლია, სპონტანური მოგზაურობის მოყვარულებს კი, ავიაბილეთების განვადებით შეძენაც შეგიძლიათ; თუ ტურის დაგეგმვა გსურთ, ჩვენი ვირტუალური გიდები, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, თქვენს დაუვიწყარ მოგზაურობას დაგეგმავენ.