“ჩემი ფავორიტი 5 ადგილი X ქალაქში” რუბრიკას, სოფო ზაქარაიას, BDO Academy-ს ტრენინგ კონსულტანტის მოგზაურობის ისტორიით გავხსნით. სოფოს მონათხრობი, მარტივად დაგარწმუნებთ რომ ის არამხოლოდ მოგზაურობის მოყვარული, არამედ გურმანი და საფეხბურთო სამყაროს დიდი, განსაკუთრებით კი ერთ-ერთი ესპანური გუნდის გულშემატკივარია.
– ჩემი მოგზაურობის არცთუ ისე დიდი და არც მცირე გამოცდილებიდან, შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ადგილი, სადაც ვყოფილვარ, თავის თავს იმკვიდრებს ჩემს მეხსიერებაში. მათ შორის არის ბარსელონა, სტამბოლი, სანტიაგო დე კომპოსტელა, ლისაბონი, პარიზი, მადრიდი, რომი, მილანი, ვენეცია, პრაღა, კატოვიცე, ვენა. რა თქმა უნდა განსაკუთრებით საყვარელი ადგილების ჩამონათვალიც მაქვს და მათ შორის ერთ-ერთი არის მადრიდი – ქალაქი, რომელმაც იცის როგორ იცხოვროს.
მადრიდი გასაოცარ არქიტექტურას, მსოფლიო დონის გალერეებს, გასაოცარ საკვებს, მხიარულ ატმოსფეროს, დასვენებელ პარკებს და ეპიკურ ღამის ცხოვრებას გთავაზობთ. ქალაქის ოფიციალური სიმბოლოა დათვი, რომელიც უკანა ფეხებზე დგას და მადრონიოს(madroño) ხისგან კენკრას ჭამს.
ატოჩა, მატარებლის სადგური, მადრიდი
ამ ჩამონათვალში პირველ ადგილს, რომლიც მადრიდში მოგზაურობისას, ჩემთვისაც ტურის საწყისი ლოკაცია იყო, ქალაქის ღირსშესანიშნაობა – მატარებლის სადგურ, სახელწოდებით “ატოჩა” იკავებს. ძნელად მახსენდება სხვა მატარებლის სადგური, სადაც მატარებლის მოლოდინი, შესაძლოა სასიამოვნო იყოს. ატოჩა მადრიდის ცენტრში მდებარე, ესპანეთში ყველაზე დიდი პირველი სარკინიგზო სადგური, რომელიც სინამდვილეში სამ სადგურს აერთიანებს, 1851 წელს აშენდა. განახლების შემდეგ სადგური სამად დაიყო: მადრიდი–პუერტა დე ატოჩა, მადრიდი–ატოჩა სერკანიასი და ატოჩა რენფე (მეტროს სადგური). ატოჩა სერკანიასი და ატოჩა რენფე ქმნიან დიდ სატრანსპორტო სადგურს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებებს აკავშირებს
ატოჩას დაფარული ტროპიკული ბაღი მდებარეობს მატარებლის სადგურის ძველ ნაწილში, რომელიც 1992 წელს ფოიედ გადაკეთდა. ბაღში 500-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ცხოველი და მცენარეა.
ტროპიკული ბაღი მშვიდი და დასასვენებელი სივრცეა, რომელიც მატარებლის სადგურების აურზაურისგან თავის დასაღწევად შესანიშნავი შესაძლებლობაა.
პასეო დელ არტე (Paseo del Arte), მადრიდი
პასეო დელ არტე (Paseo del Arte) – ტერიტორია, რომელიც ინგლისურად ცნობილია სახელწოდებით “Art Walk”, გვთავაზობს ხელოვნების ისეთ ნიმუშებს და მშვენიერებას, როგორსაც ხშირად ვერ ნახავთ. ერთ კილომეტრზე ოდნავ მეტი მონაკვეთის გასწვრივ გვხვდება პრადოს, ტისენ–ბორნემისას და რეინა სოფიას მუზეუმი, ისევე როგორც უამრავი სხვა დაწესებულება და შენობა, რომელთა მონახულება ნამდვილად ღირს. უნდა აღინიშნოს სამეფო სასახლე და მისი საოცარი არისტოკრატულობა ყველა დეტალში. მადრიდის სამეფო სასახლე ესპანეთის დედაქალაქის სამეფო ისტორიისა და მემკვიდრეობის დასტურია. უწინ, ის ესპანეთის სამეფო ოჯახის საცხოვრებელი იყო და ამოიყენებოდა მავრების მიერ, როგორც ციხესიმაგრე. სასახლე ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და მისი უნიკალურობას ასევე განაპირობებს სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ნაზავი.
ელ რეტიროს პარკი, მადრიდი
ყველა სიკეთესთან ერთად, მადრიდი ტიპური ევროპული ქალაქია სიმწვანეებით და პარკებით, სადაც ცხელ და არა მხოლოდ ცხელ დღეებში შეგიძლიათ შეაფაროთ თავი და ბევრ საინტერესო ადამიანსაც შეხვდეთ. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი პარკი არის ელ რეტიროს პარკი, რომელიც გადაჭიმულია უზარმაზარ ტერიტორიაზე და მოიცავს 15,000-ზე მეტ ხეს. ელ რეტირო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და არის მწვანე ოაზისი ქალაქის გულში. ქალაქის მწვანე ფილტვი, როგორც მას მოიხსენიებენ იტევს სხვადასხვა სახის საინტერესო ძეგლს და ბაღებს, მათ შორის Jardín de Vivaces, Jardines de Cecilio Rodríguez (ანდალუსიის შთაგონებული კლასიკური ბაღები), Jardines del Arquitecto Herrero Palacios, Rosaleda ვარდების ბაღი და Parterre Francés, სადაც ნახავთ მექსიკურ წიწვოვანს, რომელიც თითქმის 400 წლისაა და ითვლება მადრიდის უძველეს ხედ.
გასტრო ტურიზმი, მადრიდი
როდესაც საქმე ესპანურ საკვებზე მიდგება არ შეიძლება დავივიწყოთ ისეთი კლასიკური კერძები, როგორიცაა კარტოფილის ტორტილა, გრილზე შემწვარი ღორის ხორცი, მადრიდულად მომზადებული ლოკოკინები და huevos estrellados (შემწვარი კვერცხი და კარტოფილი), რომლებიც ყველაზე გავრცელებული და ტრადიციული ტაპასებია დედაქალაქის მენიუში. კლასიკურ გასტრონომიასთან ერთად, მადრიდი საშუალებას გაძლევთ მიირთვათ ყველა ავტონომიური თემის კერძები, ამიტომ არ გაგიჭირდებათ ასტურიის საუკეთესო ლობიოს ჩაშუშულის, სეგოვიის უგემრიელესი ღორის ხორცის, კატალონიის გემრიელი კალჩოტის ან გალიციური სტილის საუკეთესო რვაფეხის დაგემოვნება. ქალაქში ასევე მრავალად შეხვდებით სწრაფი კვების საერთაშორისო თუ ადგილობრივ წერტილებს.
სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი
და რა თქმა უნდა დედაქალაქელთა სიამაყე, სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი და ძირითადი, ყველაზე ტიტულოვანი კლუბი – რეალ მადრიდი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდის ორი სხვა კლუბიც, ატლეტიკო მადრიდი და რაიო ვალეკანო. ბერნაბეუზე ნამდვილად იგრძობა, ესპანური და დედაქალაქური ატმოსფერო. შთამბეჭდავია კლუბის ისტორია, რომლის დეტალურად ნახვა ტიტულებთან ერთად შეგიძლიათ სტადიონთან არსებულ მუზეუმში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა ფეხბურთის გულშემატკივარი და თუნდაც ამ კლუბის, ნამდვილად ღირს ამ ისტორიული ადგილის მონახულება და იმ ენერგიის შეგრძნება, რომელიც ამ სტადიონზე შეგიძლიათ შეიგრძნოთ ისტორიის ნახვით, თუ აგუგუნებული გულშემატკივრების ემოციების გაზიარებით.
წინ კიდევ ბევრი გზაა, უამრავი ქვეყანა, რომელსაც მინდა ვეწვიო და ნებისმიერი წინა მოგზაურობა მაძლევს უფრო დიდ მოტივაციას ვესტუმრო მეტ ადგილს და ვეზიარო იქაურ კულტურას და ღირსშესანიშნაობებს.
შემდეგი გაჩერება საბერძნეთია, კონკრეტულად კუნძული კორფუ, რომელსაც განსაკუთრებულად ველოდები და თუ კორფუს დღიურებით დაინტერესდებით, აუცილებლად მოგიყვებით.
ყველა მიმართულებით, ავიაბლეთის შეძენა www.fly.ge -ზე განვადებითაც შეგიძლია; თუ მოგზაურობის დაგეგმვაში დახმარება გჭირდება, Fly-ტურების ვირტუალური გიდები, ყველაფერში დაგეხმარებიან.