ფინეთის ქალაქ ტამპერეში, ყოველწლიური საერთაშორისო რიგით მე-18 ფორუმი CONNECT2022 იმართება, სადაც 50-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 200-ზე მეტი აეროპორტის 500-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.
საქართველოს ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენენ სხვადასხვა საპრომოციო მასალებით.
სამდღიანი ფორუმის ფარგლებში, აეროპორტების გაერთიანებას სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან 30 ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩანიშნული.
“მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ჩვენ ყოველწლიურად უწყვეტად ვმონაწილეობთ მსგავს ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტურ-ოპერატორებთან თანამშრომლობას. ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რათა დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით. წლევანდელ ღონისძიებაზე გვაქვს სიახლე – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე უფრო მასშტაბურად წარდგა – ერთობლივი სტენდით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. გვაქვს პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ,” – აცხადებს თამარ არჩუაძე.
0