ავიაბილეთების შეძენა ქართულად ონლაინ, შეგიძლიათ Fly.ge-ზე
ანა გვალიას ბრიტანული გასტროთავგადასავლი!
როგორც წინა ბლოგში მოგიყევით, გაზაფხულის ორმოცდახუთ დღეს ლონდონში ვატარებ. ამბიციური გეგმით ვარ – შემოვიარო ორმოცდაათზე მეტი რესტორანი და საუკეთესოებზე მოგითხროთ. დღეებს საუზმით, სადილით და ვახშმით ვიხალისებ, ძველ და ახალ მეგობრებს ვხვდები. გიზიარებთ ბრიტანული გასტროთავგადასავლის მეორე ნაწილს.
-
North Audley Cantine – NAC (41 N Audley Street).
ფრანგული ბისტრო დახვეწილი ინსაგრამსმორგებული ინტერიერით შესანიშნავი ადგილია მეგობრებთან ერთად ბრანჩზე შესაკრებლად.
-
St. John (26 St John Street)
ექსცენტრიული შეფის შემოქმედებაა, რომელიც ლონდონში პოპულარიზაციას უკეთებს ე.წ. ცხვირიდან კუდამდე დაგემოვნებას. რაც გულისხმობს ცხოველის ყველა ნაწილის მირთმევას. სუსტი პალიტრის მქონე მკითხველს არ ვურჩევ დაკეპილი ხორცის გასინჯვას. თუმცა ინტერესის დასაკმაყოფილებლად დაგემოვნება ნამდვილად ღირს.
-
Ned London (27 Poultry Street).
ნედი მიდლანდის ბანკის მთავარ შენობაშია. 1924 წელს სირ ედვარდ (ნედ) ლუტენსმა დააპროექტა და 2012 წელს სოჰო ჰაუსის დამაარსებელმა ახალი სიცოცხლე შესძინა. კვირის ბოლოს, საღამოს საათებში ცოცხალი მუსიკაა. რესტორანი და ბარი სავსეა გართობის მაძიებელი ახალგაზრდებით.
-
Andrew Edmunds (46 Lexington Street).
ერთ-ერთი უკანასკნელი დაწესებულებაა, რომელიც “ძველი სოჰოდან” შემორჩა. რომანტიული საღამოს გატარება სანთლის შუქზე შეგიძლიათ ბრიტანული ტრადიციული კერძების თანხლებით.
-
Saltie Girl (15 N Audley Street)
ბოსტონიდან მახსოვს სოლთი გირლის დამაარსებელი დების რესტორნები, განსაკუთრებით მეთი ნიუბერის ქუჩაზე. დღეს მათი ახალი რესტორანი ცინცხალი ზღვის პროდუქტებით იწონებს თავს ლონდონში, ბოსტონში და ლოს ანჯელესში. განსაკუთრებულ რეკომენდაციას, როგორც მისი უდიდებულესობა აპეტიტის შემქმნელი, რასაკვირველია ზღვისპროდუქტების სამეფო კოშკს გავუწევ.
-
Grazing Goat(6 New Quebec Street).
პატარა სასტუმროს დიდი რესტორანია, რომელიც განსაკუთრებულად ცნობილია კვირა დღის როსთით – რომელიც შემწვარი ხორცის, ბოსტნეულის და ბრიტანული პურის ერთობაა. რეკომენდაციაც მარტივია – კვირა საღამოს მარტივი, მაგრამ გემრიელი კერძისთვის, მიაკითხეთ რესტორანს.
-
Brasserie of Light (400 Oxford Street).
სელფრიჯის პირველ სართულზე, კერინგის ჯგუფის რესტორანი, არტ დეკოს დიზაინშია გადაწყვეტილი და დემიენ ჰირსტის 7 მეტრიანი კრისტალის ქანდაკებით იწონებს თავს. მაღაზიებში სიარულამდე გემრიელი საუზმისთვის ან სიარულისას დაღლილს ყავისთვის და დესერტისთვის მიაკითხეთ და დატკბით ინტერიერით.
-
Harry’s Dolce Vita (27 Basil Street).
ახლადდაწურული ფორთოხლის წვენი, ინგლისური საუზმე და უზადოდ ლამაზი ინტერიერი არც ერთ საუზმის მოყვარულს არ დატოვებს გულგრილს. რესტორანი ლეგენდარული ჰეროდსის მოპირდაპირე მხარესაა და გარეთ დაჯდომისას პირდაპირ ხედს იძლევა ჰაროდსის კონტიგენტზე. -
Duck and Waffle (110 Bishopsgate).
ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რესტორანია ლონდონში და სუში სამბასთან ერთად (“და” რესტორანი) ლონდონის დაუვიწყარ ხედებს გვპირდება. როგორც სახელი მიგვანიშნებს, დააგემოვნეთ უგემრიელესი იხვი და ვაფლი – არაინტუიტიური, მაგრამ უდაოდ გემრიელი კომბინაცია.
-
Colbert (50 Sloane Square).
ჩელსიში, ლეგენდარულ სლოანის მოედანზე კოლბერტს ვერ გამოტოვებთ. იდეალურია დილით საუზმისთვის, შუადღეს სადილისთვის და საღამოს ვახშმისთვის. -
Wiltons (55 Jermyn Street).
1742 წლიდან სამეფო ოჯახის საყვარელი ზღვის პროდუქტების რესტორანია ტრადიციული ინტერიერით და დეკორით.
-
Daphne’s (112 Dreycott Avenue).
ჩელსის სამეზობლოს ფავორიტი, იტალიური რესტორანი საუკეთესო ადგილია რომანტიული ვახშმისთვის. არ გამოტოვოთ არც აპეტაიზერი, არც ძირითადი საჭმელი და არც დესერტი და ნამდვილად ნასიამოვნები დარჩებით გასტრო-თავგადასავალით. -
Jikoni (19 Blandford Street).
მშვენიერი მაგალითია იმ ტრენდული გასტრო მიმართულების, რომელიც სხვადასხვა სამზარეულოების ჰიბრიდით ქმნის გემოს ჰარმონიას. ჯიკონიში შეგიძლიათ დააგემოვნოთ აზიური სამზარეულო ბრიტანულ, აფრიკული და შუა აღმოსავლეთის აქცენტებით.
-
Goodman (24 Maddox Street).
წინა ბლოგში ბისტზე (Beast) მოგიყევით, რომელიც იგივე მეპატრონეს ეკუთვნის ვისაც გუდმანი. ჩემი აზრით, გუდმანის სტეიკი საუკეთესოა ლონდონში და მუდმივი ხარისხის მაღალი სტანდარტით იწონებს თავს.
-
Bloomsbury Hotel (16-22 Great Russell Street).
პიკადილის სიგიჟეს ამ პატარა სამოთხეში მოერიდეთ. საღამოს საათებში გემრიელი კოქტეილი დააგემოვნეთ სასტუმროს ბარში. ან ღვინო რესტორნის სარდაფში. დაკვირვებით შეათვალიერეთ ინტერიერი, საინტერესო გამონათქვამებს მიაგნებთ.
-
Granger and Co. (105 Marylebone High Street).
გრეინჯერს ბევრი ლოკაცია აქვს, გავს დეისი გრინს (Daisy Green Collection), რომელზეც წინა ბლოგში მოგიყევით და იდეალურია მარტივი ლანჩისთვის.
-
Firscher’s (50 Marylebone High Street).
ეს ავსტრიული რესტორანი მარილებონზე თავს ძველი დროის ვენაში გაგრძნობინებთ. მიირთვით კლასიკური კერძები კლასიკური ინტერიერის თანხლებით.
-
Opso (10 Paddington Street).
პატარა ბერძნული რესტორანია გემრიელი კოქტეილებით და დესერტებით.
-
Ralph’s coffee (1 New Bond Street).
რალფ ლორენის ყავახანა, რომლის პირველი კაფე ნიუ იორკში გაიხსნა და დღეს ლონდონში, ნიუ ბონდ სტრიტზე მაღაზიებში სიარულით გადაღლილ საზოგადოებას ენერგიით ამარაგებს. რალფის ყავა იდეალური ადგილია ხალხზე დაკვირვებისთვის. -
Vesper Bar (The Dorchester).
მარტინ ბრუზინსკის ახალი შემოქმედებაა, რომელიც დორჩესტერის სასტუმროში მდებარეობს და ჯეიმს ბონდის თემატიკით არის ინსპირირებული. მარტინ ბრუზინსკის დიზაინით არის გაკეთებული საწევრო კლუბი ანაბელი (Annabel’s) და ზემოთხსენებული Brasserie of Light.
-
The Ivy (96 Marylebone Road).
კერინგის ჯგუფის პირველი კომერციულად დიდი წარმატების მომტანი რესტორანია, რომელსაც რამოდენიმე ფილიალი აქვს არამარტო ლონდონში არამედ მსოფლიოს გარშემო. ხარისხი ყველგან საუკეთესოა და არც-ერთი ლოკაცია არ დაგტოვებთ გულგრილს.
-
Thomas Cubitt (44 Elizabeth Street).
ტრადიციული ბრიტანული პაბია ბელგრავიაზე, რომელიც თომას კუბიტის სახელს ატარებს, რომელსაც ბელგრავიას, პიმლიკოს და ბლომბურის გენერალური განვითარების გეგმას მიაწერენ. -
The Italian Greyhound (62 Seymour Street).
ახალი ბარ-რესტორანია მერილებონზე, რომელიც ჩემი სახლიდან ზუსტად სამ წუთშია. კვირის დღეებში კოქტეილები ნახევარი ფასი ღირს და საუზმეს თუ გამოტოვებთ, მთელს ბურატა-ფისტაჩიო პიცას მოერევით გემრიელი კოქტეილის თანხლებით. -
Kitsune (19 Motcomb Street).
მოდური იაფონურ-ფრანგული სამზარეულოს კაფეა პანტექნიკონის პირველ სართულზე. გარეთ მოკალათებულებს, შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი იაპონური სენვიჩი და გამვლელების ყურებით დატკბეთ. -
Cedric Grolet (Wilton Plaza).
ის ფრანგი დესერტების შეფია, რომელიც ყველას ინტაგრამზე ხვდება ხოლმე – cedricgrolet . თავისი ესთეტიური დესერტებით ყველას ყურადღებას იპყრობს. ულამაზესი ხელოვნების უტკბილესი ნამუშევრები ნამდვილად ღირს ოცდახუთი ფუნტი.
მე ბრიტანულ გასტროთავგადასავალს ვაგრძელებ. ახალი რესტორნებისთვის ადევნეთ თვალი “მის უდიდებულესობა აპეტიტს” @hmappetite.
გაამოთ!