უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული, ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღოღობერიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც კოვიდ-ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ე.წ. კოვიდ-პასპორტი 16 ნოემბრამდე აიღეს, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა განაახლონ.
“საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.
დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას.
გარდა ამისა, იუსტიციის სახლში გაიცემა შესაბამისი კოვიდ-პასპორტი. უკვე ხვალიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები ასევე ვალიდურია ამ სისტემაში ჩვენი თავის იდენტიფიცირებისთვის. სამწუხაროდ, სისტემა ტექნიკურად არ იძლეოდა საშუალებას, რომ უკვე გაცემულ კოვიდ-პასპორტებზეც იგივე სისტემა გავრცელებულიყო. ხვალიდან გაცემული ნებისმიერი კოვიდ-პასპორტი უკვე ავტომატურად იქნება ჩართული სისტემაში. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია, რომ კოვიდ-პასპორტი, რომელიც აღებული გვაქვს იუსტიციის სახლში, განვაახლოთ. იგივეა ყველა იმ ცნობაზე, რომელიც გაცემულია ამცრელი დაწესებულების მიერ, ან ტესტირების დაწესებულების მიერ. მათ მიერ გაცემული ცნობები, რომელზედაც დატანილია QR კოდი, მხოლოდ QR კოდიანი ცნობები მოქმედებს ამ სისტემაში, იქნება ვალიდური ხვალინდელი დღიდან რომელიც გაიცემა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამგზავრებამდე, თითოეულმა ჩვენგანმა გადავამოწმოთ იმ ქვეყნის პოლიტიკა, სადაც მივემგზავრებით, რაც შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით, რადგან, როგორც ვიცით, სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა პოლიტიკას იყენებს, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინაზე და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გამგზავრებამდე გადავამოწმოთ ჩვენი სტატუსი. პირობითად, შესაძლებელია, რომ მე ვიყო აცრილი ერთი ვაქცინით, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც მივემგზავრები, იმ ვაქცინით აცრა არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მომენიჭოს მწვანე სტატუსი, შესაბამისად, შესაძლებელია მჭირდებოდეს ბუსტერ დოზა, ან სხვა მწარმოებლის მიერ ვაქცინით ვიყო აცრილი, შესაბამისად“ – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.
ციფრული კოვიდ-პასპორტის ერთიან სივრცეს საქართველო დღეიდან შეუერთდა. საქართველოს მოქალაქეებს 17 ნოემბრიდან, ევროკავშირის წევრ 27 და არაწევრ 22 ქვეყანაში, საქართველოში გაცემული კოვიდ-ბარათით და ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით მოგზაურობა შეუძლიათ. განახლებულ კოვიდ-პასპორტში, ინფორმაცია ვაქცინაციის, გადატანილი ინფექციისა და PCR-ტესტირების შესაცებ სამი სხვადასხვა შინაარსის QR კოდის საშუალებით დაიტანება.