Fly.ge_ITB_Berlin_2023
0

ITB Berlin 2023 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტენდთან ოფიციალურად გახსნა.

7-9 მარტს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023 გაიმართა.


გამოფენას
200 ათასამდე სტუმარი დაესწრო. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

 

საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე განთავსდა. იქ 80-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან  სხვადასხვა აქტივობები მოეწყო. აღნიშნულმა ქართული კულტურის, ბუნების, გასტრონომიისა და ღვინის მრავალფეროვნება წარმოაჩინა.

 

3 დღის განმავლობაში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორმა გამართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ადგილობრივი კერძო სექტორის, ავიაკომპანიების და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას გერმანიაში და უზრუნველყოფს მეტი ევროპელი ტურისტის შემოდინებას ქვეყანაში.

 

ლევან დავითაშვილმა ITB Berlin-ის ფარგლებში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.

 

ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე მოწვეულ საერთაშორისო მედიის 200-მდე წარმომადგენელს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მიმოხილული იყო ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევები ტურიზმის, ეკონომიკური პოლიტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში.

 

„საქართველოსთვის უდიდესი პატივია ITB Berlin 2023-ზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგომა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა იმისა, რომ ტურიზმი ნამდვილად არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მსურს  სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ მნიშვნელოვანი სტატუსის მოპოვება შესაძლებელი გახდა საჯარო და კერძო სექტორების მაქსიმალურად ეფექტიანი თანამშრომლობით, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ძლიერი ტურისტული ინდუსტრიის არსებობის დასტურია“ – აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

 

ვიცე-პრემიერთან ერთად პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ Messe Berlin-ის მმართველი დირექტორი–დირკ ჰოფმანი, კვლევისა და პროდუქტის სტრატეგის Phocuswright-ის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი–ჩარუტა ფადინსი, გერმანიის ტურისტული ასოციაციის (DRV) პრეზიდენტი–ნორბერტ ფეიბირგი და როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები.

 

გამოფენის გალა გახსნის ფარგლებში მოეწყო სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“.

 

წარმოდგენილი იყო ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. სტუმრებს ასევე გააცნეს ქართული სამზარეულო.

Fly.ge_ITB_Berlin_2023          Fly.ge_ITB_Berlin_2023

 

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე იყო განთავსებული. 80-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში ასევე მონაწილეობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.

 

„რა თქმა უნდა, ამ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსი გაზრდის საქართველოს ცნობადობას ტურისტულ სექტორში, განსაკუთრებით ევროპელ ბიზნესოპერატორებს შორის, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა ტრადიციული ბაზრებისა, ტურისტები  ევროპიდან მოვიზიდოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობადობასთან ერთად კონკრეტულ პრაქტიკულ-ეკონომიკურ შედეგებში აისახოს ამ ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა და ძალისხმევა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა „აითიბი ბერლინის“ ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

 

“გავაცნობიერეთ, რომ აუცილებელი იყო საქართველოს, როგორც ბრენდის ტრანსფორმაცია და ამიტომაც წარმოვადგინეთ „აითიბი ბერლინზე“ საქართველო, როგორც „უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობის“ ადგილი. შეიძლება ჩვენ ჯერ არ შევდიოდეთ  ხუთვარსკვლავიანი სერვისის მიმწოდებელი, წამყვანი ქვეყნების სიაში, თუმცა ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, მაგრამ არის ის, რაც უნიკალურს ხდის საქართველოს და ეს არის  ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას.

 

მინისტერიალის მრგვალ მაგიდაში,  რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენის „აითიბი ბერლინის“ ფარგლებში გაიმართა,  ასევე ბაჰრეინის სამეფოს ტურიზმის მინისტრი ფატიმა ალ საირიფამი, ხორვატიის ტურიზმის მინისტრი ნიკოლინა ბრნიაცი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრი აჰმედ ისა და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.

 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის განსაკუთრებულობა ციფრებშიც აისახება და სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ყოველი ვიზიტორი, სულ მცირე, ორჯერ მაინც ბრუნდება ჩვენ ქვეყანაში, რაც, მინისტრის მოადგილის აზრით,  სწორედ  სტუმარ-მასპინძლობას უკავშირდება.