2014 წელს კატარში „ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი“ გაიხსნა. მზარდი რეიტინგის მქონე აეროპორტი 2020 წელს, Skytrax-ის ყოველწლიური „მსოფლიო აეროპორტის დაჯილდოების“ ცერემონიალზე, მესამე ადგილის მფლობელი გახდა. მიმდინარე წელს კი, „სინგაპურის ჩანგის“ ცნობილ აეროპორტს, წამყვანი სტატუსი(რომელსაც ეს უკანასკნელი, რვა წლის განმავლობაში ინარჩუნებდა) ჩამოართვა და მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის წოდება მიიღო.
როგორც Skytrax-ის ხელმძღვანელის განცხადებაში ვკითხულობთ, აეროპორტის მენეჯმენტმა კოვიდ-პანდემიის გამოწვევებს, ყველაზე ეფექტურად უპასუხა და აეროპორტში, სხვა დანარჩენთან ერთად, უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი უსაფრთხოების სერვისები დანერგა.
ვინაიდან დოჰა მომდევნო წლის FIFA-ს მსოფლიო თასის მასპინძელია, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა ნაკადის გაზრდისთვის ემზადება და 53 მილიონი მგზავრის მიღებას გეგმავს.
გასული წლების უპირობო ლიდერი – ჩანგის აეროპორტი კი საუკეთესოს წოდებას შემდეგ კატეგორიებში ინარჩუნებს:
- საუკეთესო პერსონალი მსოფლიო მასშტაბით
- საუკეთესო პერსონალი აზიის მასშტაბით
დაჯილდოებაზე სტამბულის აეროპორტის ბოლოდროინდელი მიღწევებიც ხაზგასმით აღინიშნა. სტამბულის აეროპორტი, გასული წლის რეიტინგში 102-ე ადგილს იკავებდა, წლევანდელ რეიტინგში კი მისი პოზიცია მე-17 ადგილამდე დაწინაურდა და მსოფლიოში ყველაზე გაუმჯობესებული აეროპორტების კატეგორიის გამარჯვებულის სტატუსი მიენიჭა.
საუკეთესო აეროპორტების ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
- ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი
- ტოკიოს ჰანედას აეროპორტი
- სინგაპურის ჩანგის აეროპორტი
- ინჩონის საერთაშორისო აეროპორტი
- ნარიტას საერთაშორისო აეროპორტი
- მიუნხენის აეროპორტი
- ციურიხის აეროპორტი
- ლონდონის ჰითროუს აეროპორტი
- კანსაის საერთაშორისო აეროპორტი
- ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი