ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია – ზაფხულის პორტო და ლისაბონი
+2

ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია – ზაფხულის პორტო და ლისაბონი

ჩვენი დღევანდელი ბლოგის მოგზაური-ავტორი, პროფესიით ილუსტრატორი ნიტა გოგრიჭიანია. ნიტას მოგზაურობა აღმოჩენებთან, მხიარულ თავგადასავლებთან ასოცირდება და თუ დავუჯერებთ, ზოგიერთი ამბავი, ამინდის გამო გადადებულ ავიარეისად და აეროპორტში ღამის გათენებადაც ღირს. თუ მისი მოგზაურობის ისტორიებს, მისივე სოციალურ პლატფორმებზე დავაკვირდებით ფირის ფოტოგრაფიის ესტეთიკა, ავტორის შეგრძნებას იმდენად ცოცხლად გადმოსცემს, დაუძლეველ სურვილს გიჩენს, სეზონური შვებულებისთვის სულ რამდენიმე დღე გამონახო, მოძებნო იაფი ავიაბილეთი, სასტუმრო, ჩაალაგო ჩემოდანი და მოუთმენლად დაელოდო ბორტგამცილებლის ხმას, რომელიც 15 წუთში, მიწაზე დაშვებას გაუწყებთ.

 

მიუხედავად იმისა რომ პორტუგალიაში მოგზაურობა და ატლანტის ოკეანის ნახვა, ბავშვობიდან ჩემი დიდი სურვილი იყო, რატომღაც  2023 წლის ზაფხულამდე, არასდროს სერიოზულად არ მიფიქრია. საყვარელ არტისტებს და მათ გეგმებს  ვამოწმებდი, როდესაც შემთხვევით ფესტივალი Meokalorama ვნახე, რომელზეც ჩემთვის საყვარელი, 10-ზე მეტი მუსიკოსი გამოდიოდა. მივწერე ჩემს მეგობარს, რომელიც პორტუგალიაში ცხოვრობს და ყველა საჭირო ბილეთი იმავე დღეს ვიყიდე. ერთ თვეში კი იმ გასაოცსარ ადგილას ამოვყავი თავი, რომელსაც პორტუგალია ქვია.

მოგზაურობის მეორე დღესვე, სანაპიროზე მანქანით წავედით. გზაზე გადავკვეთეთ ხიდი რომელიც თან ამერიკას მახსენებდა და თან ბრაზილიას ზემოდან გადმომყურე ქრისტეს ქანდაკებით. რამდენიმე წუთში მდინარე გადავკვეთეთ და წინ ოკეანე გადაიშალა. ვუყურებდი და ვფიქრობდი ნუთუ მართლა ვხედავ ამ სილამაზეს. სიმინდს  არა, მაგრამ იქაურ ტკბილეულს კი დაატარებდა ადგილობრივი ქალი.  გვერდით სერფინგის სკოლა იყო და პატარა ბავშვები წონასწორობას სწავლობდნენ, თოლიების, ტალღების, პორტუგალიური მუსიკის ფონზე ჩავიდა ულამაზესად მზე და სახლშიც გამოვბრუნდით.

 

ნახე ვიდეო

 

გასაკვირად იაფია ტაქსი პორტუგალიაში, ამიტომ დიდად აღარ მიწვალია სატრანსპორტო რუკის შესწავლით. მეორე დღეს პირდაპირ მივედი ავტობუსების სადგურზე, რომელსაც პორტოში უნდა წავეყვანე. ჩასვლისას გადავწყვიტე რომ სასტუმრომდე ფეხით მივსულიყავი, მიუხედავად იმისა რომ რუკა თითქმის 2 საათს მიწერდა, მაინც. თითოეული სახლი უნიკალური იყო. უნიკალური ფილები შორიდან ულამაზეს კომბინაციას ქმნიდა. გზაზევე შემხვდა ცნობილი რუა, სანტა კატარინაზე შემხვდა ეკლესიაც, რომელიც საოცრად იყო მოპირკეთებული სხვადასხვა ფერის ფილებით და რომლებიც ერთიანობაში ულამაზეს გამოსახულებებს ქმნიდნენ.

 

სასტუმროში, მცირედი დასვენების შემდეგ ჩავხედე სიას, რომელიც ჩემმა ადგილობრივმა მეგობარმა მომცა და გზას ქვემოთ დავუყევი. გზაზე თუ რაიმე საინტერესო მხვდებოდა გადავუხვევდი ხოლმე. ასე აღმოვჩნდი პორტოს წიგნების ფესტივალზე სადაც იყო ცოცხალი მუსიკა, გემრიელი საკვები და ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის მერე მივხვდი, რომ ულამაზეს ადგილას Gardens of the Crystal Palace-ში აღმოვჩნდი. ბაღი სავსე იყო კოშკებით, ულამაზესი მცენარეებით და გადასახედებით ქალაქზე.

 

ამ ბაღიდან დავინახე ლუისის ხიდი, რომელიც თავად ეიფელის სტუდენტმა დააპროექტა  და გადავწყვიტე, რომ სანამ დაღამდებოდა იქაც მინდოდა მისვლა.  გზად უამრავ პატარა, ფერადი სახლების რიბეირას უბანს ჩავუარე. რაც უფრო დაბლა მივდიოდი ხალხის რაოდენობა იმატებდა და რამდენიმე წუთში ხიდის დასაწყისში აღმოვჩნდი. ხიდიდან მარჯვენა და მარცხენა მხარეები სრულიად სხვადასხვა სამყარო იყო. მარჯვენა მხარეს ძველი, ნახევრად დანგრეული შენობები, ჩაფლულიყო ბაღში რომელსაც იქ მცხოვრები ხალხი რწყავდა. მარცხენა მხარეს კი ულამაზესად გადაშლილი პეიზაჟი  და მოცურავე ნავები მდინარე დუროზე.

 

ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია – ზაფხულის პორტო და ლისაბონი

 

ხალხის ნაკადს გავყევი და პარკში აღმოვჩნდი, სადაც ისევ ცოცხალი მუსიკის ფონზე ადამიანები მზის ჩასვლას  ელოდებოდნენ.

დღე კი პორტვეინის და ტრადიციული კერძის ‘’ფრანსესინია’’ გასინჯვით დავასრულე. რეალურად პირველი როგორც ქალაქი პორტო დავათვალიერე ვიდრე ლისაბონი. პორტოსგან მიღებული შთაბეჭდილებებისგან გამოსვლა საკმაოდ ძნელი იქნებოდა მეგონა, თუმცა ლისაბონის ულამაზესი ქუჩებმა, ხედებმა, სახლებმა ხელი შემიწყო და პორტუგალიის მეორე ინდუსტრიული მხარეც კარგად დავათვალიერე.

 

ლისაბონში ყოველ სამშაბათს და შაბათს არის ძველმანების ბაზრობა (Feira da Ladra ), რომელიც სხვადასხვა წყაროებში პირველად მე-17 საუკუნიდან გვხვდება. აქ  ძველი ფოტოებიდან დაწყებული, გემრიელი პორტუგალიური ლუდით დამთავრებული ყველაფერი შეიძლება იპოვოთ. ერთი შეხედვით, მშრალ ხიდს ჰგავს, მაგრამ უფრო დიდი და გაშლილია კათედრალის გვერდით. ამ ბაზრობიდან 15 წუთის სავალზეა ლისაბონის ცნობილი წმინდა გიორგის ციხე. თუმცა უკვე იქ მისულს ძალიან დიდი რიგი დამხვდა და გადავწყვიტე პირდაპირ მთავარ მოედანზე ჩავსულიყავი ტოლერანტობის მოედანზე რადგან გზაში მაინც შემხვდებოდა უამრავი გადასახედი. დაბლა ჩასულს ულამაზესი მზის ჩასვლა დამხვდა. მდინარეში კი ხიდისკენ მიმავალი ნავები ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდნენ ვარდისფერიი და იასამნისფერი ფერების ფონზე.

 

რამდენიმე წინადადება ფესტივალზეც მინდა დავწერო, რომელიც ჩემი პორტუგალიაში მოგზაურობის მთავარი მიზეზი იყო. საოცრად ორგანიზებული, ყველა საჭიროებებით გათვალისწინებული უფასო ინტერნეტით და ბევრი საკვები ობიექტით. თვითონ ფესტივალის ბილეთებიც საკმაოდ მისაღები იყო და უკარგესი გადაწყვეტილება იყო ზაფხულის ბოლო დღის ბელა ვისტას პარკში მუსიკის ფონზე დასრულების.

 

ბევრი რამე ვნახე და საკმაოდ დატვირთული დღეები მქონდა, მაგრამ მაინც გულით შემოვიტოვე რამდენიმე ადგილი რომლებსაც უკან დაბრუნების შემთხვევაში აუცილებლად ვნახავ.