4 ტიპის მგზავრი, რომელსაც ყველა აეროპორტში შეხვდებით
+2

4 ტიპის მგზავრი, რომელსაც ყველა აეროპორტში შეხვდებით

აეროპორტში ყოფნისას(მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის, რომელ აეროპორტში იმყოფებით) უამრავი ადამიანის გარემოცვაში, ალბათ შენიშნავდით, რომ მგზავრები მიუხედავად მათი ეროვნების, სოციალური ფენის თუ კლასისა(ეკონომ, ბიზნეს), ძირითადად ოთხ კატეგორიად იყოფიან.

 

პრაქტიკული

ამ კატეგორიას ძირითადად ის მგზავრები მიეკუთვნებიან, რომლებიც სხვადასხვა მიზნით ხშირად მოგზაურობენ და ფრენა მათთვის, ერთგვარი რუტინაა. მშვიდად გადაადგილდებიან რეგისტრაციის მაგიდიდან, ჩასხდომამდე; ბარგს სახლში წონიან, ბილეთები და პასპორტი ხელთ აქვთ – რეგისტრაციის(Check Inn) პროცედურას ხშირ შემთხვევაში, სახლიდან ახორციელებენ. ზედმიწევით იცნობენ ფრენის წესებს და მკაცრად იცავენ მათ. ითვალისწინებენ ხელბარგის ზომას და წონას. ამ ადამიანებმა კარგად იციან, რომ უმნიშვნელო შეცდომაც კი მათი შეფერხების მიზეზი შეიძლება გახდეს და მაქსიმალურად ცდილობენ, უსიამოვნებები თავიდან აიცილონ.

 

მოუმზადებელი

პრაქტიკული მგზავრებისგან განსხვავებით, მოუმზადებლები ქაოსურად მოძრაობენ, ხელს უშლიან სხვა მგზავრებს, არ იცავენ რიგში დგომის წესებს, ვერ პოულობენ ავიაბილეთებს და ბარგში იქექებიან. ამ კატეგორიის მგზავრები, განსაკუთრებით ხშირად აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურთან ყოვნდებიან.

 

დაგვიანებულები

ამ ტიპის მგზავრების შემჩნევა, განსაკუთრებით მარტივია. ფილმებსა და საპნის ოპერებში, აეროპორტში დაგვიანებული მგზავრის სირბილის სცენა გვახალისებს, თუმცა იგივეს რეალურ ეპიზოდებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

თუ აეროპორტში დაინახავთ მგზავრს, რომელიც გარბის, ე.ი. დაგვიანებულის ავიარეისი ჯერ არ შესრულებულა და ახლა მთავარია, რეგისტრაცია სწრაფად დასრულდეს; თუ გაუმართლებს და თვითმფრინავში ავა, თავისი ადგილის პოვნამდეც, მინიმუმ რამდნეიმე მგზავრს შეუქმნის დისკომფორტს.  

 

დაბნეულები

მგზავრთა ეს კატეგორია, განსაკუთრებით იბნევა, როცა საქმე ეხება – ბარგს! მათ უჭირთ ხელბარგისა და ჩასაბარებელი ბარგის ერთმანეთისგან გარჩევა, მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიებს ბარგის კატეგორიები, ზომები და წონა წინასწარ განსაზღვრული აქვთ. გასაოცარია, მაგრამ „დაბნეულები“ თვითმფრინავში რამდენიმე ჩანთით ადიან და ტერიტორია, თავიანთი ადგილის ირგვლივ, სწორედ ამ ჩანთებს აქვთ ოკუპირებული.