ავიაბილეთების შეძენა ქართულად ონლაინ, შეგიძლიათ Fly.ge-ზე
ისრაელში მოგზაურობა დროში ფრენას გავს. ამ მიწაზე ყველაფერს შეხვდებით.
ივლით და მოივლით ბიბლიურ ადგილებს. თქვენს წარმოსახვაში გაცოცხლდება ძველი და ახალი აღთქმა…
საკუთარ თავში აღმოაჩენთ რწმენას, ძალას და შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც სამუდამოდ დაიდებენ ბინას თქვენს გულში.
განსაკუთრებით დიდებულია წმინდა მიწის მოლოცვა აღდგომის დღესასწაულზე. ამ დროს, მთელი მსოფლიოდან ცდილობენ პილიგრიმები, თუ ტურისტები იქ მოხვედრას.
• ვნების კვირა წმინდა მიწაზე.
ვნების კვირა მართლმადიდებლებისთვის უმნიშვნელოვანესი და უმძიმესი კვირაა.
ბიბლიური გადმოცემის თანახმად, ამ დღეებში გასცეს, აწამეს და ჯვარს აცვეს ქრისტე. კვირას კი მორწმუნეები ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. .
სახარებიდან ვიცით, რომ დიდ ოთხშაბათს იუდა ისკარიოტელმა გასცა ქრისტე, დიდ ხუთშაბათს კი პირველად აზიარა მოციქულები იესომ.
საიდუმლო სერობის ადგილი და დავით მეფსალმუნეს საფლავი მდებარეობს სიონის მთაზე. პილიგრიმები ოთხშაბათ დღეს სწორედ, სახარების კვალდაკვალ, ამ ადგილების მოლოცვით იწყებენ. იქვე არის გეთსემანიის ბაღი, სადაც ქრისტე ჯვარცმის წინა საღამოს შეიპყრეს.
• ღვთისმშობლის საფლავი.
ადგილი, რომელიც ულამაზეს ტაძარშია მოქცეული. გრძელი კიბეებით ჩავდივართ უფლის დედისა და იოაკიმე და ანას საფლავებთან. აქ გასაოცარი გარემო და სურნელია.
ზოგადად, უნდა ვიცოდეთ რომ ისრაელში სალოცავები და მისიები აქვს რამდენიმე ქვეყანას. შეგიძლიათ დაესწროთ წირვას თქვენთვის სასურველ ტაძარში.
გაითვალისწინეთ რომ ყველგან კონკრეტული წესებია. მაგალითად, დავით მეფსალმუნეს საფლავთან ლოცვის დროს, ქალებისა და მამაკაცების სალოცავი ადგილი ტიხრით არის განცალკევებული და შესვლაც განსაკუთრებული სამოსით შეიძლება მხოლოდ.
მომლოცველობითი ტურის დროს თქვენ არ მოხვდებით მხოლოდ მართლმადიდებლურ სალოცავებში. მაგალითად, ღვთისმშობლის მიძინების ადგილი – პროტესტანტულ ტაძარში, უფლის ამაღლების ადგილი კი მეჩეთშია მოქცეული. თუმცა ეს არ შეგიქმნით დაბრკოლებას, რომ თქვენთვის მნიშვნელოვან სიწმინდეს ეახლოთ.
• წითელი პარასკევი- “ვია დოლოროსა გოლგოთა”.
იერუსალიმი 2 ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. წარმოიდგინეთ, ძველი და ახალი ქალაქი. ძველი იერუსალიმი გალავნით არის გამოყოფილი და მას რამდენიმე ჭიშკარი აქვს. პარასკევ დღეს პილიგრიმები “ვია დოლოროსა გოლგოთას” ანუ ტანჯვის გზას გადიან. გზას, რომელიც იესო ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა.
გადმოცემის თანახმად, ქრისტე რამდენიმე ადგილზე შეჩერდა.
დღეს აქ 14 გაჩერებაა მონიშნული.
ტრადიციულად, მსვლელობა ლომების ჭიშკრიდან იწყება ხოლმე. წითელ პარასკევს ბევრ მორწმუნეს სურს ამ გზის გავლა. დასაწყისში შეგხვდებათ სალოცავი და წარწერა, სადაც წერია რომ ამ სახლში დაიბადა მარიამ ღვთისმშიბელი ( birth place of virgin Mary”).
შემდგეგ ნახავთ ადგილებს, სადაც იესოს განაჩენი გამოუტანეს, გაშოლტეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს.. აქ ყველა ბიბლიური ამბავი ცოცხლდება.
ყველა ქვას და ქუჩას დიდი ისტორიული დატვირთვა აქვს. ვია- დოლოროსა გოლგოთა სრულდება უფლის აღდგომის ტაძრით. ამ დიდ ტაძარში მოქცეულია ჯვარცმისა და გარდამოხსნის ადგილები. ბოლოს კი ყველაზე მთავარი- უფლის საფლავი.
ვერ გეტყვით და ვერ გადმოგცემთ საფლავთან მიახლების შეგრძნებას.
თქვენი იქ ყოფნა შეიძლება სულ 5 წუთითაც არ გაგრძელდეს, მაგრამ უფლის საფლავთან შეხება ყველა ფიქრს ამოატრიალებს, იმ ქაოსშიც კი, თქვენ მხოლოდ საკუთარი გულის ხმა ჩაგესმებათ…
როცა პირველად მოვხვდი ამ გზაზე, გაოცებას ვერ ვმალავდი. მლოცველების მსვლელობა, გალობა და ვაჭრებით სავსე არაბული ვიწრო ქუჩები. დიახ, ძველი იერუსალიმი გამოირჩევა არაბული სიჭრელით, სადაც ერთნაირი წარმატებით შეგიძლიათ შეიძინოთ ჯვარი, ხატი, ოქრო, ჩანთა, ტკბილეული თუ სამკაული.
ჩემი უმთავრესი რჩევაა რომ იყოთ ფრთხილად პირად ნივთებთან. არაბებს ძალიან უყვართ ვაჭრობა. შეგძლიათ იქონიოთ დოლარი, შეკელი და ევროც.
• დიდი შაბათი და ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი.
ბევრი მორწმუნე ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესია ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი. ძირითადი ცერემონია იწყება 12 საათიდან. თუმცა, თუ ტაძარში მოხვედრა გსურთ ბევრად ადრე უნდა მიხვიდეთ. იაფოს ჭიშკრიდან ჯერ შედიან დელეგაციებია.
გადმოცემის მიხედვით, ამ რიტუალს აუცილებლად უნდა დაესწრონ მართლმადიდებელი არაბები, რომლებიც ხმამაღლა, ყიჟინით ადიდებენ უფალს. ისინი სამჯერ შემოუვლიან კუვუკლიას(უფლის საფლავის სალოცავს).
თუ თქვენ გსურთ ცეცხლის გარდამოსვლაზე ტაძარში ყოფნა, ამაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. არსებობს ოფიციალური საშვები და სწორედ მათი საშუალებით შეგიძლიათ დაესწროთ ცერემონიას.
პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ რომ საშვის გარეშეც მოვხვედრილვარ. თუმცა, ეს არ არის უსაფრთხო საშუალება. ამ გზის გავლა ძალიან დამღლელია, მაგრამ რაც შაბათ დღეს ტაძარში ხდება, ნამდვილად დაგავიწყებთ ყველა დაღლასა და პრობლემას.
სულ ბოლოს, უფლის საფლავთან მობრძანდება იერუსალიმის პატრიარქი. სპეციალური შემოწმების შემდეგ, ის შედის კუვუკლიაში და აღავლენს ლოცვას.
ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის მღელვარება, რაც ამ დროს აღდგომის ტაძარში ტრიალებს.
ყველა ადამიანი საკუთარ ენაზე ადიდებს უფალს.
აქ ცრემლის ხმაც ისმის.
თუ ოდესმე იქ მოხვდებით ზუსტად გაიგებთ რას ვგულისხმობ.
ხანდახან სამარისებული სიჩუმე ჩამოწვება და ეს გარინდებაც ხმაურობს.
დიდებული მოსასმენია ამ დროს ქართული გადაძახილები. ტაძრის ერთი ბოლოდან დაძახებული “ქრისტე აღდგა” და მეორე ბოლოდან დაბრუნებული “ჭეშმარიტად!”
როგორც კი პატრიარქი ანთებულ სანთლებს გამოიტანს, ისე იხულვებს ხოლმე იქ შეკრებილი ხალხი, ყველა დაღლა გავიწყდება ადამიანს. ტაძარი დიდია, მაგრამ როგორც კი სანთლები აინთება, ყველაფერი კვამლით იფარება.
იყავით ფრთხილად. აუცილებლად იქონიეთ წყალი, რადგან ამ დროს ყველა ჩქარობს გარეთ გამოსვლას და არის ჭყლეტვა.
საღამოს შეგიძლიათ ფიზიკური დაღლისა და ბედნიერი ემოციებისგან დაისვენოთ და გვიან ღამით სააღდგომო წირვას დაესწროთ ამავე ტაძარში. სააღდგომო მსახურებაზე მშვიდად იდგებით. ამ დროს ჭყლეტვა და ხმაური არ არის. მორწმუნეებს ეძლევათ ზიარების საშუალება. თითქოს ტრადიციად იქცა, რომ ქართველი სასულიერო პირები აზიარებენ თანამემამულეებს გოლგოთაზე, ჯვარცმის ადგილზე.
ეზიარები ამ წმინდა ადგილზე და გახსენდება რომ საუკუნეების მანძილზე გოლგოთა ქართველებს ეკავათ. ეს ისტორიაა. საამაყო ისტორია ჩვენი ქვეყნის დიდებულების.
• პალესტინა.
ცნობილია რომ, ისრაელში, საზღვარზე შესვლისას უამრავი პროცედურა და დაკითხვა უნდა გაიაროთ.
შეკითხვებს შორის ხშირად არის – აპირებთ თუ არა, პალესტინის ტერიტორიაზე გადასვლას. ეს კითხვა ფორმალურია მხოლოდ. თქვენ უნდა უთხრათ რომ არ აპირებთ. თუმცა, ყველა ტურისტულ მარშრუტში წერია პალესტინის სიწმინდეების მოლოცვა და თქვენ ნამდვილად მოხვდებით იქ.
მე ჯგუფთან ერთად ვმოგზაურობ ისრაელში და კომპანიები თვითონ უზრუნველყოფენ პალესტინაში ჩვენს უსაფრთხოებას.
ბეთლემი, საბაწმინდის სავანე, თეოდოსი დიდის ლავრა და სხვა დიდი სიწმინდეები, სწორედ პალესტინის მხარეს არის და თქვენ შეგიძლიათ ამ საოცარი ტაძრების მოლოცვა. ბეთლემის შობის ვარსკვლავი და უძველესი მოზაიკა.
ნახავთ და მოილოცავთ ბაგას, სადაც ქრისტე იშვა. დატკბებით ბეთლების შობის ტაძრის სიმშვიდითა და სიმყუდროვით.
აუცილებლად მოხვდებით იერიქონშო. ეს არის მსოფლიოში უძველესი ქალაქი. აქ არის განცდის მთა, სადაც, ბიბლიური გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტემ 40 დღე გაატარა მარხვასა და ლოცვაში. ამ მთაზე ასვლა სიცხეში ცოტა რთულია. ყველგან იყიდება წყალი და არ დაგავიწყდეთ, სულ თან გქონდეთ. გზის ნაწილის გავლა, საბაგიროს საშუალებითაც შეგიძლიათ.
ტურისტულ კომპანიებს აქვთ გათვლილი დრო, რომ მიგიყვანონ, სპეციალურად მოწყობილ გაჩერებებთან. თქვენ გექნებათ საშუალება შეიძინოთ სამახსოვროდ საჩუქრები, სუვენირები, მკვდარი ზღვის პროდუქცია და ფინიკიც, რომელიც მრავალად შეგხვდებათ პალესტინის მიწაზე.
ამ მხარეში კიდევ ერთი გამორჩეული სიწმინდეა. უდაბნოში გაშენებული გერასიმე იორდანელის სახელობის მონასტერი. შესვლისთანავე იგრძნობთ მონასტრის მსახურების მხრიდან სიყვარულსა და გულისხმიერებას.
პალესტინის ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებულია გიორგი ქოზიფელის მონასტერი. თუ, ძირითადად, ყველა ტაძრამდე ავტობუსით მიდიხართ, ამ შემთხვევაში, ფეხით მოგიწევთ სიარული. უდაბნოში სიარული გრძელი გზისა და სიცხის გამო დამღლელია. თუმცა, ბოლოს, ისეთ საოცარ ადგილს მიადგებით, ისეთ სილამაზეში მოისვენებთ და დატკბებით, რომ დაგავიწყდებათ დაღლა. აქ თქვენ აუცილებლად გაგიმასპინძლდებიან მონასტრის ბერები მცირედით, მაგრამ გულით.
გზაზე არაბებს ვირები ყავთ და გთავაზობენ გზის გავლას მათივე “ტრანსპორტით”. შეგიძლიათ ფასზე ევაჭროთ და ვირის საშუალებითაც გაიაროთ გზის ნაწილი.
ჯვრის მონასტერზე ცალკე უნდა დავწერო.
არ დამავიწყდება არასდროს ის განცდა, რომელიც იქ პირველად მისვლისას დამეუფლა. დამერწმუნეთ, შეხვალთ ამ უძველეს სავანეში და თავს სახლში, თქვენს სამშობლოში იგრძნობთ.
ქართველმა მეფეებმა უამრავი მატერიალური და ადამიანური რესურსი დახარჯეს უშუალოდ ამ კომპლექსის შენარჩუნებისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ეს საგანმანათლებლო ცენტრი, თუმცა ახლა ამ ისტორიის მხოლოდ კვალია დარჩენილი. შოთა რუსთაველის პატარა მაგრამ აღმაფრთოვანებელი ფრესკა გულგრილს არ დაგტოვებთ. ჩვენ, ქართველებს ბევრი სავანე გვქონდა პალესტინის ტერიტორიაზე. დღეს კი, კეთილი ხალხის დამსახურებით არსებობს ქართული სახლი წმინდა მიწაზე, სადაც ძალიან თბილად გიმასპინძლებენ და დაგლოცავენ ქართველი მონაზვნები.
თქვენ გექნებათ საშუალება ჩახვიდეთ მდინარე იორდანეშიც, სადაც იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა. თან იქონიეთ გასამშრალებელი საშუალება და ე.წ ,კვართი”, რომლის შეძენა შეგიძლიათ ძველ იერუსალიმში, არაბებთან.
• გალილეის მხარე.
პალესტინის უდაბნოსგან სრულებით განსხვავდება სურნელოვან ყვავილებში ჩაფლული გალილეის მხარე. სახარებიდან ვიცით, რომ ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დიდი ნაწილი აქ აქვს გატარებული მოწაფეებთან ერთად.
იესო ნაზარეთიდან იყო, ამიტომ უწოდებდნენ მას ნაზარეველს. ბევრი მნიშვნელოვანი სიწმინდეა ამ მხარეს. მაგალითად, ხარების ტაძარი, სადაც მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს ახარა, რომ ის შობდა მესიას.
აქვე, რამდენიმე ქუჩის მოშორებით ძალიან საინტერესო რამ შეგიძლიათ ნახოთ. ტაძრის ეზოში ყველა ქვეყნის ღვთისმშობლის ხატია წარმოდგენილი, მათ შორის ქართულიც. ძალიან ლამაზია და გირჩევთ არ გამოტოვოთ.
ბიბლიური გადმოცემის მიხედვით პეტრე მოციქული იყო მებადური. სწორედ, აქ, გალილეის ტბაში თევზაობდა ხოლმე ის თავის მეგობრებთან ერთად. დღეს, ტურისტებსა და პილიგრიმებს აქვთ საშუალება ტბის პირას მომზადებული გემრიელი თევზი მიირთვან, სიმბოლურად მას “პეტრეს თევზს” უწოდებენ.
გალილეის კანა- ადგილი, სადაც, ქორწილში, სტუმრად მისულმა იესომ წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის გამო, კანას ღვინოს განსაკუთრებით სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუმცა, უნდა გითხრათ რომ გემო არ აქვს ტრადიციული ღვინის. მისი შეძენა ტაძრის გარშემო, სუვენირების მაღაზიაში შეგიძლიათ.
გალილეას ისე არ დატოვებთ რომ არ ნახოთ კაპერნაუმი. ეს არის 12 მოციქულის სახელობის ულამაზესი ტაძარი. ტაძრის ეზო ნამდვილი ედემია. უშუალოდ ნაგებობა კი გამორჩეულია თავისი არქიტექტურითა და მხატვრობით.
• ქალაქი ლოდი.
ყველა ტურისტულ და მომლოცველობით ჯგუფს ინფივიდუალური განრიგი აქვს.
თქვენ ჩაფრინდებით ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტში და დაიწყებთ მოგზაურობას. აეროპორტთან ახლოს, არის ქალაქი ლოდი, სადაც წმინდა გიორგის საფლავია. ქართველებისთვის განსაკუთრებით საყვარელი და ძვირფასი ტაძარი. აქ თქვენ მოხვდებით ან იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე, ან მაშინ, როცა აეროპორტისკენ გაემგზავრებით გამოსაფრენად. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება დიდებული შთაბეჭდილება და მოგონება, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ.
ბოლოს, მინდა დავწერო რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:
• თუ აპირებთ საეკლესიო ნივთებისა და ხატების შეძენეას, ძველი იერუსალიმის არაბულ უბნებში გირჩევთ.
• მოსალოცად წადით ჯგუფთან ერთად, რომელიც ადგილობრივ კომპანიასთან იქნება მოლაპარაკებული და ისინი უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხო გადაადგილებას.
• თუ იმოგზაურებთ აღდგომის პერიოდში, გაითვალისწინეთ რომ ამ დროს, ძირითადად, არის ებრაელთა პასექი. პასექის დღესასწაულზე ებრაელები არ ჭამენ საფუვრიან პურს, მის შემცვლელად მიირთმევენ მაცას (უსაფუარო პური). სასტუმროებსა და რესტორნებში სხვა, ჩვენებური პურის დადება არ შეიძლება. რამდენიმე წლის წინ გვქონდა შემთხვევა რომ ჯგუფის წევრმა თბილისიდან წამოღებული პური მაგიდაზე დადო და ამას დიდი უსიამოვნება მოყვა.
• დაემორჩილეთ პოლიციას დღესასწაულებზე, განსაკუთრებით ცეცხლის გარდამოსვლისას. ისინი აკონტროლებს ხალხის ნაკადს და იცავენ უსაფრთხოებას.
• ყოველთვის იქონიეთ სასუსნავი და წყალი.
• თუ გსურთ რაიმე სახის შესაწირი წაიღოთ მონასტრებში. შემიძლია თამამად “გიკარნახოთ” რომ ძალიან გაახარებთ სუფთა ღვინით, თაფლითა და ჩურჩხელით.
ერთხელ თუ მოხვდებით წმინდა მიწაზე, თქვენ იქ აუცილებლად დაბრუნდებით.
ნამდვილად იგრძნობთ რომ არსებობს უხილავი ძაფი, რომელიც სამუდამოდ გაკავშირებთ მასთან. თუკი, სადმე შეიძლება ნახო სხვადასხვა ენაზე მლოცველი ამდენი ადამიანი – ეს იერუსალიმია.
-ჩემი ღმერთი
-შენი ღმერთი…
ასე რომ ვიცით ადამიანებმა ღმერთის განაწილება.
რა უცნაურები ვართ. ზოგს ბევრი ღმერთი გვყავს, ზოგს-ერთი, ზოგიერთს საერთოდ არ სჯერა მისი არსებობის.
იერუსალიმი კი ყველას იტევს.
ამიტომაც არის ასეთი დიდებული.
ეს არის წმინდა მიწა, როგორც ქრისტიანებისთვის, ასევე იუდეველებისა და მუსულმანებისთვის.
აქ ისმის ლოცვა სხვადასხვა ენაზე. ზოგიერთი ხმამაღალი და ცრემლიანი, ზოგიერთი- ჩუმი…
2007 წელს ჩავედი პირველად. მაშინ გაუაზრებლად წავიღე საქართველოს დროშა. მას მერე ბევრჯერ ვყოფილვარ ისევ იმ დროშით. ახლა, როცა ძალიან მომენატრება ხოლმე ეს მიწა, გავშლი და ვიხუტებ.
ეს უბრალო დროშა არ არის.
სურნელის შემგროვებელია.
გავშლი და დავტიალებ კეთილსურნელებას. მერე გონებით იქ მივდივარ, სადაც ყველაფერი დაიწყო.|
ძველ ფილაქნებზე დავდივარ, ღამის იერუსალიმით ვტკბები…
ასე, ფიქრებით, მოვივლი ხოლმე უძვირფასესს მიწას, იმ იმედით რომ კიდევ შევეხები.
ხომ იცით პირველად წაკითხვის ბედნიერება რა არის.
აი, იერუსალიმში ყოველი ჩასვლა პირველია.
ეს რწმენისა და სიყვარულის ამოუწურავი სამყაროა.
მალე შევხვდებით იერუსალიმო.
ისევ იმ დროშით წამოვალ.
თამარ ჯანაშია