WIZZ AIR–ი 5 ახალ მიმართულებას ამატებს  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
0

WIZZ AIR–ი 5 ახალ მიმართულებას ამატებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში WIZZ AIR–ი, 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის  მიმართულებით დაიწყებს. 

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. სიახლის შესახებ სასტუმრო პულმანში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ, ავიაკომპანია Wizz Air-ის მიმართულებების განვითარების ოფიცერმა ეველინ ჯაკელმა და ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა ჟაჟა ტრუბეკმა ისაუბრეს. 

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, 5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს შორის, აქამდე პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა არასდროს ყოფილა.  მადრიდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გახდება ყველაზე შორი ავიამიმართულება, სადაც რეგულარული ფრენები დაიწყება.

 

ზედიზედ რამდენიმე წელია WIZZ AIR საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია 550 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისისთვის, ჯამურად WIZZ AIR ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.

 

ქუთაისი – ბრიუსელი

ქუთაისი – მადრიდი

ქუთაისი – ფრანკფურტი

ქუთაისი – ჰამბურგი

ქუთაისი – პოზნანი