დღეს ისევ… ბარსელონაზე უნდა გესაუბროთ. დღევანდელი მოგზაური-ავტორი კი ელისაბედ სამადაშვილი, თიბისი კონცეპტისა და საგანმანათლებლო პლატფორმა upway.ge -ს კომუნიკაციებისა და ღონისძიებების მენეჯერია. ელისაბედი ახალბედა მოგზაურია, რომლისთვისაც მოგზაურობის მთავარი ხიბლი, ახალი ემოციების აღმოჩენაშია.
სალამი, მე ლიზი ვარ და წელს ივლისში, პირველად ვესტუმრე ბარსელონას. ძალიან გამიჭირდება, გამოვყო ხუთი ფავორიტი ადგილი, ვინაიდან ყველა კუთხე-კუნჭული შთამბეჭდავია, თუმცა მაინც ვცდი.
ბარსელონას საკათედრო ტაძარი
რაც არ უნდა მენახა, ამაზე მშვენიერს ვერაფერს წავაწყდებოდი.
პირველ რიგში, ტაძრის შემოგარენი არის ულამაზესი – ვიწრო ქუჩები, ფილაქანი, მოპირკეთებული კედლები და მოედანი. სწორედ მოედანზე ნახავთ ტაძარს. პირველ რიგში მისი ექსტერიერი არის ულამაზესი, პატარა დეტალებით სავსე, ამიტომ ყურადღებით დაათვალიერეთ. მე პირადად რამდენჯერმე მივედი. ვიჯექი და უბრალოდ ვუყურებდი, რაც საოცარი სიმშვიდის და ბედნიერების შეგრძნებას მიტოვებდა.
სანაპირო „ ბარსელონეტა“
არ აქვს მნიშვნელობა, ზღვის მოყვარული ხართ თუ არა, ეს სანაპირო თავისი პორტით კინო-კადრებს მოგაგონებთ. ასე რომ თუ ხმელთაშუა ზღვით ვერ ისიამოვნებთ, ცოტა ხნით ფილმში ცხოვრებით დატკბით.
თეთრი იალქნები, ლურჯზე ლურჯი წყალი და ყვითელი ქვიშა, ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობაა.
მაღაზია „Valnetina Lopez”
დიდად შოპინგის მოყვარული არ ვარ, თუმცა ამ მაღაზიას გულგრილმა ვერ ჩავუარე, მომხიბლა შეგრძნებამ, რომ მაღაზიას კატალონიური ხასიათი აქვს, ცხელი, ფერადი და ხმაურიანი.
თუ ხელნაკეთი სამოსი და აქსესუარები გიზიდავთ, აქ ზაფხულისთვის საუკეთესო ნივთებს მიაგნებთ. ჩემი საყიდლები ამ მაღაზიაში დაიწყო და დამთავრდა კიდეც.
La Boqueria
ეს ბაზარი ქალაქის ცენტრშია, ამიტომ ადვილად მიაგნებთ და განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება, ჩემსავით მსუნაგი ადამიანებისთვის. ხილის გამაგრილებელი სასმელით დაწყებული – ზღვის პროდუქტებამდე, აქ ყველაფრის დაგემოვნებას შეძლებთ. „la boqueria” ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და მხიარული ადგილია ბარსელონაში, ამიტომ თუ ნამდივლი კატალონიის ნახვა გსურთ, თქვენი მოგზაურობის გეგმას აუცილებლად მიამატეთ ბაზარიც.
თვით ბარსელონა!
იარეთ ბევრი! ყველა ქუჩა – ახალი სანახაობაა, შეხვდებით ქუჩის მუსიკოსებს: მოხუც საქსაფონისტს, საშუალო დონის „ კარმენს“, ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც თავზე ტრიალებენ, სუვენირებს ფერადს, მტვრევადს, ქუდებს წარწერით „ბარსელონა“, შეაგროვეთ ყველა მოგონება და არ გაუშვათ.
დაიკარგეთ ამ ქალაქში, რამდენჯერმე წადით ერთ წრეზე, მოიარეთ ის სანგრიით ხელში. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ეს დღესასწაული სამუდამოდ დარჩება თქვენს გულში.
დანართი: თუ საზაფხულო შვებულების დაგეგმვის პროცესში ხარ www.fly.ge -ზე ავიაბილეთის შეძენა, მარტივად შეგიძლია, სპონტანური მოგზაურობის მოყვარულებს კი, ავიაბილეთების განვადებით შეძენაც შეგიძლიათ; თუ ტურის დაგეგმვა გსურთ, ჩვენი ვირტუალური გიდები, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, თქვენს დაუვიწყარ მოგზაურობას დაგეგმავენ.